ნათია მეზვრიშვილი - კანაფის შესახებ მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ იმ ადამიანებისგან, ვისაც წაკითხულიც არ ჰქონდა კანონპროექტი
ნათია მეზვრიშვილი - კანაფის შესახებ მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ იმ ადამიანებისგან, ვისაც წაკითხულიც არ ჰქონდა კანონპროექტი

კანაფის შესახებ მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ იმ ადამიანებისგან, ვისაც წაკითხულიც არ ჰქონდა კანონპროექტი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზ​ვრიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტი მარიხუანას მოხმარების რეგულირებას ახდენს და სამართლებრივ ჩარჩოს ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასახვისთვის.

რაც შეეხება კანაფის მოყვანისა და წარმოების შესახებ არსებულ მითქმა-მოთქმას, მეზვრიშვილის თქმით, გავრცელებული მოსაზრებები არასწორია და იმ პირების უმრავლესობას, ვინც ბოლო დღეებში ამ საკითხებზე საუბრობდა, წაკითხული არ ჰქონია კანონპროექტი.

„ბოლო დღეების განმავლობაში, კანონპროექტთან დაკავშირებით არაერთი აზრი და მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ, მათ შორის, კომენტარებს აკეთებდნენ ის ადამიანები, რომელთაც კანონპროექტი საერთოდ წაკითხული არ ჰქონდათ და შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, თითქოს მთავრობის კანონპროექტი თავისუფალ მიმოქცევაში უშვებს ნარკოტიკულ საშუალებებს, ამ შემთხვევაში, კანაფსა ან მარიხუანას. თითქოს, ჩვენ ვიწყებთ ქვეყანაში ნარკოტიკების გაყიდვას, ხელს ვუწყობთ მოხმარებას და ა.შ. – ეს ყველაფერი არის სიცრუე“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.