ნათია მეზვრიშვილი - ისეთი კანონი არ უნდა მივიღოთ, რაც ნარკოტიკების მოხმარებას, შეძენას, შენახვასა და გასაღებას რაიმე ფორმით წაახალისებს
ნათია მეზვრიშვილი - ისეთი კანონი არ უნდა მივიღოთ, რაც ნარკოტიკების მოხმარებას, შეძენას, შენახვასა და გასაღებას რაიმე ფორმით წაახალისებს

ძალიან მკაფიო პოლიტიკას ვატარებდით ერთი წლის განმავლობაში, კილოგრამობით, თუ ტონობით არა, ნარკოტიკული საშუალებები გვაქვს ამოღებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შს სამინისტრო განსაკუთრებით მკაცრი იყო ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლების მიმართ.

„განსაკუთრებით მკაცრი ვიყავით მათ შორის ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ, რომელიც საკმაოდ რთული გამოსავლენია, მაგრამ შევძელით და მოვახერხეთ, რომ გამსაღებლების მიმართ გამოგვეცხადებინა დაუნდობელი ბრძოლა.

რაც შეეხება მოხმარების საკითხებს, არაერთხელ დაგვიფიქსირებია პოზიცია, უნდა მოხდეს თუ არა მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადასაწყვეტი საკითხი. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია, ისეთი კანონი არ უნდა მივიღოთ, რომელიც მოხმარება-შეძენა-შენახვა-გასაღებას რაიმე ფორმით წაახალისებს.

როცა ამ საკითხზე დაიწყება დისკუსია, პარლამენტი იქნება, თუ რაიმე სხვა პლატფორმა, ჩვენ მზად ვართ, ამაში მონაწილეობა მივიღოთ“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ნაწილში ლიბერალიზაციას შს სამინისტრო, რა თქმა უნდა, არ მიემხრობა.

„ინიცირებული კანონპროექტი უკიდურესად ლიბერალური იყო ყველა მიმართულებით, რამაც ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მათ შორის შეძენა-შენახვა-გასაღების მიმართულებით. ბოლოს გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს შეთანხმება ყველა კომპონენტში არ იყო, დღეს ეს რეალობა გვაქვს, რაც გვაქვს“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.