ნათია მეზვრიშვილი - ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ჩვენ არ ვაწესებთ სისტემურ შეზღუდვებს, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტირებას და მის მართვას წერტილოვანი შეზღუდვებით
ნათია მეზვრიშვილი - ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ჩვენ არ ვაწესებთ სისტემურ შეზღუდვებს, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტირებას და მის მართვას წერტილოვანი შეზღუდვებით

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში, კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. მისივე თქმით, საქართველოში ინფიცირების შემთხვევების კიდევ ზრდა მოსალოდნელია, თუმცა სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, არამედ კვლავ საუბარია წერტილოვან, ლოკალურ შეზღუდვებზე, რაც სტრატეგიის ნაწილია.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ელემენტარული წესების დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება და დისტანცია.

„როგორც ხედავთ, მსოფლიოში იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, იზრდება საქართველოშიც. ზრდა მოსალოდნელია. დღეს 1 872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენ არ ვაწესებთ სისტემურ შეზღუდვებს და ვაგრძელებთ სტრატეგიის მიხედვით სვლას. კერძოდ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტირებას და მის მართვას წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვებით იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავიცვათ ბალანსი. ერთი მხრივ დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ხოლო მეორე მხრივ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, რათა პოსტკრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ სწრაფი აღდგენის რესურსი. ამ მხრივ დადებითი ტენდენციები გვქონდა და მაქსიმალურად ვცდილობთ ამის შენარჩუნებას. მოგეხსენებათ, გასულ კვირას გაიმართა პრემიერის შეხვედრები მსხვილ დამსაქმებლებთან, ასოციაციებთან. აქ იყვნენ როგორც საშუალო, ისე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. ასევე, ამ შეხვედრებზე ერთხმად ითქვა, რომ სწორედ ბალანსის დაცვა მოგვცემს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ელემენტარული წესების დაცვით, პირბადის ტარებით და დისტანციის დაცვით“, – განაცადა ნათია მეზვრიშვილმა.