ნათია მეზვრიშვილი - იმის არაღიარება, რომ აქცია ძალადობრივი იყო ისეთივე სირცხვილია, როგორც იმის არაღიარება, რომ აქციის შეწყვეტისას ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ცალკეულ ფაქტებს
ნათია მეზვრიშვილი - იმის არაღიარება, რომ აქცია ძალადობრივი იყო ისეთივე სირცხვილია, როგორც იმის არაღიარება, რომ აქციის შეწყვეტისას ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ცალკეულ ფაქტებს

იმის არაღიარება, რომ აქცია ძალადობრივი იყო ისეთივე სირცხვილია, როგორც იმის არაღიარება, რომ აქციის შეწყვეტისას ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ცალკეულ ფაქტებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებში ნიკა მელიას მონაწილეობის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა ყურადღება გაამახვილა დაწყებული გამოძიების და იმ მტკიცებულებების შესახებ, რაც ამ დროისთვის სამართალდამცველებმა მოიპოვეს.

„ეს ცოტა განსხვავებული სიტუაცია გახლავთ. აქ ალბათ ყველამ კარგად იხილა, რომ ადგილი არ ჰქონდა უბრალოდ მოწოდებებს და უბრალოდ ძალადობისკენ მოწოდებებს, რომელიც თუ რეალურ საფრთხეს ქმნის ძალადობის განხორციელებისას, სისხლის სამართლის წესით დასჯადია. სახეზე იყო უკვე რეალიზებული ძალადობა. ძალადობის შემდგარი ფაქტი. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ კონკრეტული მტკიცებულებები, გაჩნდა გამოძიების მიმდინარეობის დროს კვალიფიკაციის დამატების აუცილებლობა. ხაზგასმით აღვნიშნავ, აქ კვალიფიკაცია არ შეცვლილა. მიმდინარეობს როგორც 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, ისე 315-ე მუხლით, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. დაემატა კვალიფიკაცია. შესაბამის სამართლებრივი საფუძველი კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არსებობდა, ახლა გამოძიება გაგრძელდება ამ ორი მუხლით და აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება რომელსაც ამ საქმის ფარგლებში შს სამინისტრო და პროკურატურა მოიპოვებენ განიხილება და შეფასდება აი ამ ორიო კვალიფიკაციის ჭრილში, მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჭრილში“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიების მსვლელობისას ორმაგი სტანდარტები უნდა გამოირიცხოს.

„იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე დროში კონკრეტულ შედეგებს დავდებთ სამართალდამცავი ორგანოები და კონკრეტულ მტკიცებულებებს მოვიპოვებთ, რაც უფრო მაღალი სტანდარტით მოგვცემს ამ კვალიფიკაციით კონკრეტული ქმედების ჩადენის დადასტურების შესაძლებლობას. ვამბობთ, რომ აქცია თავიდან მშვიდობიანი იყო, შემდეგ ეს აქცია გახდა ძალადობრივი, ამას ვერსად გავექცევით. მესმის, რომ გარკვეული ადამიანები ცდილობენ, სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე, მაგრამ იმისი არაღიარება, რომ აქცია ძალადობრივი იყო ისეთივე სირცხვილია, როგორც იმისი არაღიარება, რომ აქციის შეწყვეტის ღონისძიების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ცალკეულ ფაქტებს, რომელიც სათანადო გამოძიებას საჭიროებს. ამიტომ ორმაგი სტანდარტები აქ არ უნდა დავუშვათ. არც ჩვენ არ უნდა დავუშვათ და არც იმ ადამიანებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ აქცია ძალადობრივი იყო იმ ფონზე, როდესაც უბრალოდ აქციაზე პოლიციელებს თავს ესხმოდნენ, კორდონიდან იტაცებდნენ, ფარებს სტაცებდნენ, პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სადაც რკინის კონსტრუქციებს პოლიციელებს ურტყამდნენ, კორდონიდან გატაცებულ პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.