ნათია მეზვრიშვილი - გარკვეული ადამიანების მხრიდან არის მცდელობა, მინისტრის სახელის დისკრედიტაცია და სისტემის შიგნით დაძაბულობის შემოტანა მოხდეს 
ნათია მეზვრიშვილი - გარკვეული ადამიანების მხრიდან არის მცდელობა, მინისტრის სახელის დისკრედიტაცია და სისტემის შიგნით დაძაბულობის შემოტანა მოხდეს 

გარკვეული ადამიანების მხრიდან არის მცდელობა, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელის დისკრედიტაცია მოხდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა კითხვაზე, იყო თუ არა 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის ცენტრალიზებული ბრძანება.

მეზვრიშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი სპეკულაცია ისმის.

„გარკვეული ადამიანების მხრიდან თითქოს, არის რაღაც მცდელობა, რომ მინისტრის სახელის დისკრედიტაცია მოხდეს და პოლიციის თანამშრომლების, რიგით პოლიციელებს ვგულისხმობ, დაშინება და რაღაც დაძაბულობის შემოტანა სისტემის შიგნით. აქ მთავარი საკითხი არ არის, იყო თუ არა ბრძანება, საერთოდ არსებობდა თუ არა ასეთი ბრძანება და ვინ გასცა ბრძანება. მე საკითხს ასე დავაყენებდი – იყო თუ არა პოლიციელების ქმედებები კანონიერი. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, როდესაც პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, როდესაც პოლიციელზე მოაქვთ იერიში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას ცდილობენ, როდესაც პოლიციელებს კორდონიდან იტაცებენ და ალბათ, ყველამ იხილა ფაქტი, როგორ სტაცებდნენ თავდაცვის საშუალებებს ამ ადამიანებს, როგორ იტაცებდნენ კორდონიდან, როგორ ხდებოდა მათი განიარაღება, უბრალოდ მაინტერესებს, თქვენ რომ პოლიციელი იყოთ, ასეთ შემთხვევაში დაელოდებოდით თუ არა ვინმეს ბრძანებას? რა თქმა უნდა, არა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, სპეცრაზმელებმა თავად ხომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ კანონის თანახმად, შესაძლებელია მოქმედება როგორც ბრძანების საფუძველზე, ასევე ბრძანების გარეშე.

„მე გეუბნებით კანონით რა არის გათვალისწინებული. კანონით შეიძლება, როგორც ბრძანების საფუძველზე, ისე ბრძანების გარეშე მოქმედება. იყო გარკვეული ქმედებები, რომლის განხორციელებაც ბრძანების გარეშე წარმოუდგენელი და შეუძლებელია, იყო გარკვეული ქმედებები პოლიციელების მხრიდან, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციას დაუყოვნებლივ მოქმედების შესაძლებლობა აქვს, როდესაც ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. ამიტომ ყოველგვარი საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რაღაცის ვიღაცაზე გადაბრალება ხდება, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უდანაშაულო პოლიციელების, რომლებიც იმ ღამეს იქ იდგნენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავდნენ, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, რომლებსაც კორდონიდან ათრევდნენ, რომლებსაც რკინის საგნებს, სხვადასხვა ბლაგვ საგნებს უმიზნებდნენ და ურტყამდნენ, ამ ადამიანების სახალხო წესით გასამართლება მოხდეს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მისი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული გადაცდომის ფაქტები რეაგირების გარეშე დარჩება.

„ვიხილეთ სამწუხარო ფაქტები, სადაც შესაძლო გადაცდომები იკვეთება, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესშია, რომ აქ შესაბამისი შედეგი დადგეს. მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, რომ სადაც კონკრეტული გადაცდომები იყო, კონკრეტულმა პირებმა დანაშაული ჩაიდინეს, შესაბამისი შედეგები დადგეს“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.