შსს საზოგადოებას მიმართავს, ნაადრევი ქორწინების ფაქტებზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს პოლიციას
შსს საზოგადოებას მიმართავს, ნაადრევი ქორწინების ფაქტებზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს პოლიციას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრის მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პოლიციისათვის დროული შეტყობინების საკითხებზე საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო. ღონისძიება სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს კამპანიის მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„კამპანია სიმბოლურად გაგრძელდება 18 დღის განმავლობაში, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქორწინების იძულებასთან დაკავშირებით და იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც წესი, ქორწინების იძულებას თან სდევს ხოლმე. ეს გახლავთ, სექსუალური ძალადობა და ძირითადად, ოჯახში ძალადობა. ამ დანაშაულის მსხვერპლები ძირითადად არასრულწლოვნები არიან. როგორც წესი დანაშაულს ოჯახის წევრები ჩადიან. მართალია, მომართვიანობის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში გაიზარდა, თუმცა, ეს ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. ამიტომ, ამ კამპანიით გვინდა, მოვუწოდოთ საზოგადოებას, ყველას, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით რამე ტიპის ინფორმაციას ფლობს, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ შეატყობინონ პოლიციას. დღეს ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე მოვახდინოთ ეფექტიანი, დროული რეაგირება და ფაქტობრივად, გადავარჩინოთ ეს არასრულწლოვნები. მივცეთ მათ საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობა და რაც მთავარია, არ წავართვათ განათლების უფლება. ამ 18 დღის განმავლობაში იქნება შეხვედრები მოსახლეობასთან, სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან. ჩაერთვებიან განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები. ჩვენი მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან, დაარიგებენ საინფორმაციო ბროშურებსა და ბუკლეტებს, მიაწვდიან საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რომ ეს ქმედება დანაშაულია და აუცილებლად უნდა შეატყობინონ პოლიციას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.