ნათია მეზვრიშვილი - დანაშაულის ზრდის 80 პროცენტი საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულებზე მოდის, ძირითადად ეს არის ქურდობა
ნათია მეზვრიშვილი - დანაშაულის ზრდის 80 პროცენტი საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულებზე მოდის, ძირითადად ეს არის ქურდობა

კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხარისხს ვანიჭებთ და იმას, სამინისტრო რა ფორმით და როგორ რეაგირებს დანაშაულის თითოეულ ფაქტზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას განუცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მხოლოდ ციფრები არ არის მნიშვნელოვანი. დანაშაულის აღრიცხვიანობა კი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

„ციფრების შედარება დანაშაულის მატება-კლებასთან დაკავშირებით, 2018 წლის მონაცემების 2017 წელთან შედარება სწორი არ არის.როდესაც სტატისტიკურ მონაცემებს ვადარებთ ერთმანეთს, უნდა შევადაროთ 2019 წლის მონაცემი 2018 წლის მონაცემს. თუ ამას გავაკეთებთ დავინახავთ, რომ სტატისტიკური ზრდის ტემპი შემცირებულია 2019 წლის მხოლოდ ორი თვის მონაცემზე დაყრდნობით. რაც შეეხება ცალკე აღებულ დანაშაულებს, ძალიან მნიშვნელოვანია შინაარსი. სამწუხაროა, რომ ამაზე საუბარი ხშირად გვიწევს, რადგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მედიაც, საზოგადოების წევრებიც და პოლიტიკური პარტიებიც ისევ ციფრების თემას უბრუნდებიან, რაც სწორი არ არის“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, შემცირებულია მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები.

„მკვლელობაში, ყაჩაღობაში და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში კლება გვაქვს“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მეზვრიშვილის შეფასებით, შსს-ზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომლის მიზანია წლების წინ არსებულ სისხლის სამართლის პოლიტიკის მსგავს პოლიტიკაზე საუბრის დაწყება.

„ზეწოლა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე მიმდინარეობს, თამამად ვიტყვი, რომ არის რაღაცნაირად წამოგვაცდენინონ და საუბარი დაგვაწყებინონ ისეთ გაუაზრებელ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, რომელსაც გასული წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. აღარ გვინდა, იგივე შეცდომა დავუშვათ. თუ ამ გზით წავალთ, გაუაზრებელ სისხლის სამართლის პოლიტიკას გავატარებთ და ასე ერთი ხელაღებით ვიტყვით, რომ ყველაფერი გასამკაცრებელია, იგივე წრეზე დავბრუნდებით და გავა წლები, რომლის შემდეგაც ისევ ამ რეალობის წინაშე დავდგებით, რა რეალობის წინაშეც ვართ.

რაც შეეხება იმას, რას აკეთებს შსს, პირველი, ჩვენთვის ხარისხია მნიშვნელოვანი და ამისთვის არაერთი ნაბიჯი გადავდგით. მეორე – იქ, სადაც კანონი გასამკაცრებელი იყო, უკვე გავამკაცრეთ და, სადაც გასამკაცრებელია ახლაც ვამკაცრებთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში პარლამენტს წარედგინება ცივი იარაღის რეგულაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც მათ შორის ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს.

„განსაკუთრებულ ყურადღებაა ასევე დანაშაულის პრევენციაზე და გაძლიერებული გვაქვს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები. ასე ერთი ხელაღებით საუბარი, რომ დანაშაულის კლების რეცეპტი მხოლოდ კანონის გამკაცრებაა, სწორი არ არის“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ზოგან გასამკაცრებელია პოლიტიკა და ამაზე საუბრისას ადრესატი მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის.

„აქ არის პროკურატურა, სასამართლო და სასჯელაღსრულება. ეს ერთიანი ჯაჭვია, რომლის ფარგლებშიც სისხლის სამართლის პოლიტიკაზე უნდა ვისაუბროთ. როდესაც სისხლის სამართლის პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, სამინისტროს პოზიციაა, პოლიტიკა უნდა იყოს გააზრებული და ანალიზზე დაფუძნებული. ეს გაკეთებული გვაქვს და ვისაც სურვილი აქვს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, შეგვიძლია,დისკუსიები გავმართოთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული გაზრდილია.

„ზრდის 80 პროცენტი სწორედ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე მოდის. ძირითადად, ეს ქურდობაა. მათ შორის, წვრილმანი ქურდობებია ჩადენილი არასრულწლოვნების მიერ. მიზეზები სხვადასხვაა, მათ შორის სოციალური ფონიც. ამ დანაშაულის გახსნა არც ისე მარტივია. ფარული ხასიათის დანაშაულია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, მსგავსი დანაშაულების გახსნის მიზნით, შსს ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას ცდილობს, მაგალითად როგორიცაა ვიდეოკამერების დამონტაჟება მთელი საქართველოს მასშტაბით.

დატოვე კომენტარი