ნათია მეზვრიშვილი - დახმარების მხრივ ძირითადი აქცენტი იმ ადამიანებზე იქნება, რომლებიც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდნენ
ნათია მეზვრიშვილი - დახმარების მხრივ ძირითადი აქცენტი იმ ადამიანებზე იქნება, რომლებიც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდნენ

ძირითადი აქცენტი იმ ადამიანებზე იქნება გადატანილი, რომლებიც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდნენ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„გამოყოფილი იქნება ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სოციალური ჯგუფები, რომლებიც დახმარებას მიიღებენ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ მოხდება მოქალაქეების დახმარება, იქნება ეს ერთჯერადი კომპენსაცია, თუ დახმარების გეგმა უფრო გრძელვადიან პერიოდზე იქნება გათვლილი, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთი სეგმენტისთვის ეს იქნება ერთჯერადი დახმარება, ზოგიერთისთვის კი ცოტა უფრო გრძელვადიანი. 

„რა თქმა უნდა, ყველა სეგმენტის დაფარვა და მოცვა ფიზიკურად შეუძლებელია. ყველაფერი გაკეთდა არსებული რესურსებით, რისი შესაძლებლობაც იყო; ასევე, დონორული დახმარებით. საერთაშორისო პარტნიორები დაგვეხმარნენ და ამაშიც მთავრობის ძალიან დიდი წვლილია შეტანილი. ფაქტობრივად, სამი მილიარდი აშშ დოლარია მობილიზებული. ამ თანხების აკუმულირება მოხდა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ფინანსური რესურსების მოზიდვაზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა.

„როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ისე პარლამენტი იყო ჩართული და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი აქტორი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას 24 აპრილს, პარასკევს წარადგენს.