ნათია მეზვრიშვილი - ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან დაკავშირებული პრობლემები მოხსნილია, პირველად ჯანდაცვაში ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება
ნათია მეზვრიშვილი - ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან დაკავშირებული პრობლემები მოხსნილია, პირველად ჯანდაცვაში ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება

პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, შეიძლება ითქვას, რომ მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, დღეს არის პირველი დღე, როდესაც ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება.

„დღეს გვაქვს პირველი დღე, როდესაც ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება. ხარვეზები, რაც მართვის პროცესშია, ნაბიჯ-ნაბიჯ სწორდება. შტაბი, თითოეული სამინისტრო და შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ჩართულები არიან ამ პროცესში. პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, შეიძლება ითქვას, მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება.

ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს ადაპტაციის და მათთვის ეტაპზე არის ის, რომ ამ პროცესის მართვადობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რაც ბუნებრივია, ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელ. ამაში იგულისხმება სახელმწიფოს მხრიდან ამ წესების აღსრულება და მოქალაქეებისა და დაწესებულებების და კერძო დაწესებულებების მხრიდან წესებისა და რეკომენდაციების შესრულება. თუ ჩვენ გვექნება წესების შესრულების ნაწილში 90 %-იანი შესრულება, ვირუსის გავრცელების შენელება 70 %-ით არის შესაძლებელი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.