ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ, როგორც საზოგადოებრივი მართლწესრიგის დამცველმა უწყებამ, მივიჩნიეთ, რომ მარიხუანას მოხმარების დარეგულირების მიზნით, აუცილებელი იყო ჩარევა
ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ, როგორც საზოგადოებრივი მართლწესრიგის დამცველმა უწყებამ, მივიჩნიეთ, რომ მარიხუანას მოხმარების დარეგულირების მიზნით, აუცილებელი იყო ჩარევა

მარიხუანას მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებით წარდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ არსებული ქაოტური მდგომარეობა სათანადო სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს, როგორც მარიხუანას მოხმარებასთან, ასევე კანაფის დათესვა-მოყვანასთან მიმართებაში, – ამის შესახებ პირველ არხთან ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, კითხვაზე, რამდენად თანხვედრაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შსს-ს მიერ წარდგენილი კანონპროექტი.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გარკვეული შიშები და კითხვები წარმოშვა.

„მარიხუანასთან და მცენარე კანაფთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლიდან მიღებული გადაწყვეტილებების სულისკვეთებას და ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, ასევე, საზღვარგარეთის პრაქტიკას, ამ ყველაფერმა მიგვიყვანა დღეს არსებულ ვითარებამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გარკვეული შიშები გააჩინა. მაგალითად, გაჩნდა კითხვები, არის თუ არა დასაშვები მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. გახსოვთ ალბათ, ბოლო პერიოდის ფაქტები – პირდაპირ ეთერში მოწიეს მარიხუანა. ხალხს ჰგონია, რომ ყველგან დასაშვებია ამის გაკეთება. ამიტომ, ჩვენ, როგორც საზოგადოებრივი მართლწესრიგის დამცველმა უწყებამ, მივიჩნიეთ, რომ დროული ჩარევა იყო აუცილებელი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული საკუთარი ფუნქცია და საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შესაბამისი უწყებების მიერაც.

„ყველაფერში საკონსტიტუციო სასამართლოს ვერ დაველოდებით. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ნაბიჯები ჩვენც გადავდგათ, მათ შორის მაგალითად დათესვა-მოყვანის რეგულირების ნაწილში. ბუნებრივია, ეს პირდაპირ არ უთქვამს საკონსტიტუციო სასამართლოს, არასწორი იქნება ამის თქმა, განსაკუთრებით იურისტების მიერ, მაგრამ სულისკვეთება ეს იყო. ერთხელ გააუქმა თავისუფლების აღკვეთა, მეორედ სანქცია მიიჩნია არაპროპორციულად, მესამედ გააუქმა მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ბოლოს იქამდე მივედით, რომ გააუქმა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც და ფაქტიურად, მოხმარება პირად სივრცეში ლეგალური გახადა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი განმარტებით, კანონპროექტით დაზუსტდა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მარიხუანას მოხმარება არის დასჯადი.

„ჩვენ რა შევქმენით – ვთქვით, რომ გასაგებია პირად სივრცეში მოხმარება, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ვერ მოიხმართ მარიხუანას, არასრულწლოვნების თანდასწრებით და იქ, სადაც არასრულწლოვნები იმყოფებიან, გარკვეულ რადიუსში ვერ მოიხმართ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ვერ მოიხმართ და სამსახურში ვერ მიხვალთ მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, რეკლამირებისა და პოპულარიზაციისთვის არსებული 500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, შესაძლოა პირი 5000 ლარამდე თანხით დაჯარიმდეს.

„სატრანსპორტო საშუალებას ვერ მართავთ ზემოქმედების ქვეშ. საკონსტიტუციო სასამართლომაც თავის გადაწყვეტილებაში პირდაპირ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული დაცვის ობიექტები არიან მოზარდები, არასრულწლოვნები. ამიტომ ვამბობთ, რომ 21 წლამდე ასაკის პირები ვერც პირად სივრცეში ვერ მოიხმარენ მარიხუანას და ეს არ არის არაკონსტიტუციური. მოვისმინე გარკვეული სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისაგან დასაცავდ, განსაკუთრებით მოზარდების დასაცავად, სახელმწიფოს შეუძლია შესაბამისი რეგულაციები შემოიღოს და ჩვენ ეს რეგულაციები შემოვიღეთ“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, არასრულწლოვნებში მარიხუანას მოხმარებაზე გამოიყენება ადმინისტრაციული სასჯელი, თუმცა არასრულწლოვანის დაყოლიება მარიხუანას მოხმარებაზე დაისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით.

„ასევე, ვზღუდავთ სამოქალაქო უფლებებს, მაგალითად, საექიმო საქმიანობის უფლებას, პედაგოგიური საქმიანობის უფლებას, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლებას და ა.შ.“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება კანონპროექტში კანაფის მოყვანის საკითხის გაწერას, მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო ამ საკითხის დარეგულირებაც.

„როგორი დაურეგულირებელიც იყო მოხმარება, ასეთივე დაურეგულირებელია დათესვა-მოყვანის საკითხი და ვამბობთ, რომ ამ საკითხს ვარეგულირებთ, ანუ მკაცრად განვსაზღვრავთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც დათესვა და მოყვანა შესაძლებელი იქნება მკაცრი კონტროლის პირობებში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც მან განმარტა, ეს იქნება ლიცენზირებადი საქმიანობა, ვინც პირობებს დაარღვევს, ფინანსური სანქციები დაეკისრება და შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისროს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ პროცესს დამოუკიდებელი ორგანო გააკონტროლებს და ლიცენზიებსაც ის გასცემს.

მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.