ნათია მეზვრიშვილი - არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი
ნათია მეზვრიშვილი - არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი

არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველის პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

გაცნობებთ, რომ ჯერ კიდევ არჩევნების გამოცხადებამდე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ. პოლიციის აქტიური მუშაობის შედეგად, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში ძალადობის არაერთი ფაქტი იქნა თავიდან აცილებული.

ამასთან, მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომელიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, ხოლო მტკიცებულებების მოპოვებისთანავე – სისხლისსამართლებრივი დევნა. მათ შორის, კონკრეტული პირები არიან ბრალდებულები ადიგენში, თიანეთში, ქუთაისის საკრებულოში, ახალქალაქში და ონში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალადობის კლებაზე და პოლიციის მხრიდან სათანადო რეაგირებაზე აღნიშნულია საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებშიც“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.