ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდში დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდში დანაშაულის ჩამდენ პირთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გვაქვს, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, – განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ზუგდიდში, ღამით მომხდარი დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით.
„ზუგდიდში მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. უკვე დადგენილი გვყავს პირი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება მისი დაკავება და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. როდესაც გამოცხადდება ან დავაკავებთ, მოხდება შესაბამისი კითხვების დასმა და გავერკვევით სიტუაციაში. არ ვიცი ამ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებები. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა არც მის პოლიტიკურ კუთვნილებას და არც მის შეხედულებებს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი. პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ზუგდიდში გუშინ ალიკა ლაგვილავა დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრილ ალიკა ლაგვილავასა და ბეჟან გვაზავას, რომელმაც მას ესროლა, წლებია, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა აქვთ. გვაზავა გრიგოლიშის „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელია, ხოლო ლაგვილავა ამავე შტაბის კოორდინატორი.