ნათია კუპრაშვილი – „რუსთავი 2“ ჩვენთან ერთად ითხოვდა უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთოდ გაუქმებას, ახლა შეცვალა მიდგომა, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისი ამგვარი

20:14, 26.09.2018

უფასო პოლიტიკური რეკლამის საკანონმდებლო რეგულაცია არის პრობლემური და საარჩევნო სუბიექტებისთვის ნამდვილად არ ქმნის თანაბარ პირობებს , – ამის შესახებ „მაუწყებელთა ალიანსის“ განვითარების დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უფასო პოლიტიკური რეკლამის რეგულაციასთან დაკავშირებით „მაუწყებელთა ალიანსის“ განვითარება არაერთგზის აკეთებდა განცხადებებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგადად უფასო პოლიტიკური რეკლამის საკანონმდებლო რეგულაცია არის პრობლემური და ნამდვილად არ ქმნის თანაბარ პირობებს საარჩევნო სუბიექტებისთვის, ძალიან ცუდად მოქმედებს მედიაგარემოზე, მედიის მდგრადობაზე. მსოფლიოში ვერ ნახავთ მსგავს ანალოგს. კარგია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ახლა მიაქცია ამას ყურადღება. ჩვენთვის ეს ყოველთვის პრობლემური იყო. გვინდა, კანონი შეიცვალოს, რადგან ჩანაწერი არავისთვის კარგი არ არის, ეს არის  პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, რომელიც სხვადასხვა არჩევნების დროს, გააჩნია რა მდგომარეობაა, გამოიყენება პოლიტიკური არასწორი მიზნებისთვის და ნამდვილად არ ქმნის თანაბარ გარემოს”, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი ტიპის ანალოგი, რომ კერძო ტელევიზიას ჰქონდეს უფასო პოლიტიკური რეკლამის ვალდებულება.

„ მსოფლიოში ვერ ნახავთ  რეგულაციას, რომ კერძო ტელევიზიებს ჰქონდეთ  უფასო პოლიტიკური რეკლამის ვალდებულება ან ჰქონდეთ საშუალება, რომ უფასო შეწირულობა გაუკეთონ პარტიებს.  ჩვენი კანონი ამას უშვებს და ეს არის სწორედ უსამართლო. ცვლილებას ჩვენ ვითხოვთ დიდი ხანი. უნდა ვთქვა, რომ „რუსთავი 2“ ჩვენთან ერთად ითხოვდა ლიმიტების შემცირებას და საერთოდ გაუქმებას. ახლა შეცვალა მიდგომა, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისი ამგვარი.  ნამდვილად მიკვირს, რადგან ვცხოვრობთ პოლიტიკურად აფილირებულ და მედიაპოლარიზებულ გარემოში, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, კანონს როგორც გინდა, ისე გამოიყენებ. კანონი არ დარღვეულა, მაგრამ კანონი არის უვარგისი. ჩვენ ვაყენებთ ამ საკითხებს და დროულად უნდა გვისმენდნენ, მათ შორის მარეგულირებელ კომისიაშიც”, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „რუსთავი 2“-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადება გუშინ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანიამ წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტი, რომელიც ყოველ სამ საათში 7,5 წუთს შეადგენს, 17 სექტემბრიდან გაზარდა. “რუსთავი 2“ 2018 წლის 17 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე უფასო პოლიტიკურ რეკლამას ყოველ 3 საათში 10 წუთს უთმობდა, 2018 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე 3 საათში – 14 წუთს, ხოლო 26 სექტემრიდან პირველ ოქტომბრამდე კვლავ 10 წუთს დაუთმობს.

„აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც რამდენიმე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა მიმართულია მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ანტირეკლამაზე და მისი არჩევის ხელშეშლას ემსახურება. ამავე პარტიების მიერ ტელეკომპანიებში მიტანილი საარჩევნო რეკლამა არ ემსახურება მათივე საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევის ხელშეწყობას და არ მოუწოდებს ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი