ნათია იოსელიანი – 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პარტიამ ცესკო-ს განცხადებით 17 აგვისტოს ჩათვლით უნდა მიმართოს
3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პარტიამ, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში, განცხადებით მიმართავს ცესკო-ს არაუგვიანეს 17 აგვისტოსი, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, იმავე ვადაში ცესკო-ს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას, ასეთ პარტიას ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად.
„2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტს მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული სისტემით შუალედური არჩევნების გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დრეს გამართულ სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნებისთვის, ჯამში, შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
ამ დროისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 2 201-ია.
დღეს გამართულ სხდომაზე ცესკო-მ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყო კანონით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება.
დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება თუ აკრძალვა, რაც შუალედური არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. ასევე, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების თანამდებობრივი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საარჩევნო პროცესის თითოეული ეტაპი განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად და ყურადღება მიაქციონ დადგენილ ვადებს.
ამასთანავე, არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულ სუბიექტებს შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში, მონაწილეობისთვის განცხადებით მიმართავს ცესკო-ს არაუგვიანეს 17 აგვისტოსი.
იმავე ვადაში ცესკო-ს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას ცესკო განცხადების მიღებისთანავე გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად, იმავე ვადაში შესაბამის საოლქო კომისიას განცხადებით მიმართავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.
აქვე გვსურს, შევახსენოთ მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნული პროცესის დაკვირვებით და გაშუქებით, დროულად გაიარონ კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად, რათა არჩევნების გაშუქებასა და დაკვირვებაში მონაწილეობა შეუფერხებლად შეძლონ. აკრედიტაციის მისაღებად შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა მედიისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის არის 23 სექტემბერი, ხოლო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცესკო-ს 26 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.