ნათელი მომავალი აქვს - „გლოსტერის“ მწვრთნელმა კვესელაძე შეაფასა #1TVSPORT
ნათელი მომავალი აქვს - „გლოსტერის“ მწვრთნელმა კვესელაძე შეაფასა #1TVSPORT

გიორგი კვესელაძე ინგლისურ კლუბში, „გლოსტერში“ ადგილს იმკვიდრებს და სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი ხდება. rugbypass-მა კლუბის მთავარ მწვრთნელს ჯორჯ სკივინგტონს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ინგლისელი სპეციალისტი ახალგაზრდა ბორჯღალოსანის გუნდში გატარებულ პერიოდს აფასებს

გლოსტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯორჯ სკივინგტონმა გიორგი კვესელაძე შეაფასა. კლუბმა ქართველი მორაგბე 2020 წლის დეკემბერში, მას შემდეგ დაიმატა, რაც შემოდგომის ერთა თასზე მან ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ლელო დადო. კვესელაძე იმ დროს 23 წლის იყო და „არმაზში“ თამაშობდა. ამ ტესტ მატჩის შემდეგ კვესელაძემ ყურადღება მიიქცია – ლეგენდარულმა ირლანდიელმა ნახევარმცველმა ბრაიან ოდრისკოლმა „ტვიტერზე“ მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ევროპული კლუბის ადგილას რომ ვყოფილიყავი, რომელიც ცენტრს ეძებს, გიორგი კვესელაძეს სერიოზულად დავაკვირდებოდი. შესანიშნავი ლელოს გარდა, დაცვაშიც გამოირჩეოდა. ის შრომისმოყვარეა და შეიძლებოდა მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გამხდარიყო.“

მიუხედავად იმისა, რომ კვესელაძე იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ არ დაუსახელებიათ, მისმა ლელომ შემოდგომის ერთა თასზე ყველაზე მეტი ხმა დაიმსახურა და ამის შემდეგ, „გლოსტერმაც“ მალევე გაიფორმა. 16 თვეში მან ინგლისური კლუბის 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მე-15 მატჩს პრემიერშიფის თასის ნახევარფინალში „უორჩესტერის“ წინააღმდეგ გამართავს.

გლოსტერშიყოფნის პერიოდში კვესელაძე საერთაშორისო ასპარეზზეც გამოდიოდა – ნოემბერში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ასევე დაეხმარა საქართველოს ნაკრებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაში.

როგორ აფასებს მას „გლოსტერი“?

„გიორგი ხარისხიანი მოთამაშეა“, – სკივინგტონმა ქართველი მორაგბე rugbypass-თან შეაფასა.

„ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ დადებული ლელო შესანიშნავი იყო. გარკვეული დროის განმავლობაში საჭიროა პრემიერშიფის ინტენსივობასთან შეგუება და ადაპტაცია, მაგრამ ის ძალიან კარგი იყო. კვესელაძე ბევრს შრომობს, ცდილობს თამაშის გაუმჯობესებას და ინგლისურ ენას სწავლობს. ის ბევრს ვარჯიშობს, რომ ამ ყველაფრის ნაწილი იყოს და ნათელი მომავალი აქვს.

როცა გიორგი აქ ჩამოვიდა, გამოუცდელი იყო – ხანდახან პოზიციურ შეცდომას უშვებდა, დაცვის ხაზიდან ამოვარდებოდა, მაგრამ თავის შეცდომას თვითონვე ასწორებდა. ეს საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მან ეს ენერგია სწორ დროს გამოიყენოს.

„ბრისტოლის“ წინააღმდეგ დიდებული თამაში ჰქონდა. მან 12 ნომერზე ითამაშა და ვიფიქრე, „უორჩესტერის“ წინააღმდეგ იგივე პოზიციაზე დამეყენებინა. შემდეგ ამის შესახებ მას გავესაუბრე და მითხრა, რომ მოწონდა 12 ნომერზე თამაში.

მისი პროგრესი ეტაპობრივია. ჩვენ მასთან ერთად უფრო მეტი დრო უნდა გავატაროთ ვიდრე წინა სეზონში. საჭიროა გარკვეული დრო, მაგრამ მჯერა, რომ ის ძალიან კარგი მოთამაშე გახდება.“