Nasdaq-ის წარმომადგენელი – მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნულ ბანკს და დავეხმაროთ საქართველოს საბანკო სექტორს შემდგომი ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში
საქართველო თვალსაჩინო მაგალითია, როგორ შეუძლია საერთო ინფრასტრუქტურის მოდელს რეალური ღირებულების შექმნა როგორც ცალკეული ინსტიტუციებისთვის, ისე მთლიანად ფინანსური სისტემისთვის, – ამის შესახებ Nasdaq-ის კაპიტალის ბაზრების ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელმა, მაგნუს ჰაგლინდმა საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის მიერ Nasdaq Calypso-ს სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით განაცხადა.
Nasdaq-ის კაპიტალის ბაზრების ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელის, მაგნუს ჰაგლინდის განცხადებით, Nasdaq-ის მასშტაბური მოდერნიზაციის პროგრამების მართვის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანიები იღებენ წვდომას ღრმა ინსტიტუციურ ცოდნაზე და განვითარების შესაძლებლობაზე ისე, რომ არ უწევთ სრული ხარჯების, რისკებისა თუ ოპერაციული სირთულეების დამოუკიდებლად აღება.
„საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამა“ (GMAP) წარმოადგენს ზუსტად ისეთ სტრუქტურირებულ, ქვეყნის დონის ჩარჩოპროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ამ მასშტაბის ტრანსფორმაციის წარმატებას. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ ინიციატივაში და დავეხმაროთ საქართველოს საბანკო სექტორს ისეთი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რომელიც მას ესაჭიროება ზრდის შემდეგი ეტაპისთვის“, – აღნიშნა მაგნუს ჰაგლინდმა.
ქართული კომერციული ბანკები – „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“ – სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე – Nasdaq Calypso-ს სისტემის მეშვეობით მოახდენენ.
Nasdaq Calypso-ს საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით ინერგება და უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.
აღნიშნული ინიციატივა „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის“ (GMAP) ფარგლებში ხორციელდება და მას კოორდინაციას უწევს „საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია“ (GFMTA). ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარებისთვის.
Nasdaq-თან პარტნიორობა წარმოადგენს საქართველოს კომერციული ბანკების ტრანსფორმაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და ხელს შეუწყობს მათ მსოფლიო საბანკო სისტემაში ინტეგრაციაში.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.