ნასას InSight -ის მისია მარსზე დაეშვა
ნასას InSight -ის მისია მარსზე დაეშვა

კოსმოსში გატარებული შვიდი თვის შემდეგ, ნასას InSight -ის მისია მარსზე დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ეს მისია მნიშვნელოვანი იმით არის, რომ მარსის სიღრმისეულ შესწავლას ისახავს მიზნად. კერძოდ, ის მარსის აგებულებას, წიაღისეულის ტემპერატურასა და სეისმურ აქტივობას შეისწავლის.

რიგით მე-8 მისია ვანდენბერგის საჰაერო ბაზიდან 5 მაისს გაუშვეს და ვულკანური მთა ელიზიუმიდან სამხრეთით დაბლობზე დაეშვა.

წითელ პლანეტაზე უსაფრთხოდ დაშვება აპარატმა ნასას მეცნიერებს ხმოვანი სიგნალის საშუალებით აცნობა და მარსის ზედაპირიდან პირველი ფოტოც გამოგზავნა.

ინსაითი“ აღჭურვილია სეისმომეტრით, რომელიც გაზომავს პლანეტაზე მეტეორიტების დაცემის ტალღებს. ამ ტალღების შესწავლა მეცნიერებს პლანეტის წარმოშობის შესახებ უფრო ზუსტ ინფორმაციას მისცემს. აღნიშნული მისია 728 დღეს გაგრძელდება.