NASA-ს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ღია კოსმოსში გავიდნენ
NASA-ს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ღია კოსმოსში გავიდნენ

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რამდენიმე დღის წინ ასული ორი ასტრონავტი გუშინ ღია კოსმოსში გავიდა და ყველა დაგეგმილი სამუშაო წარმატებით შეასრულა.

NASA-ს ასტრონავტებმა, ენდრიუ ფიუსტელმა და რიკი არნოლდმა სწრაფად დაამონტაჟეს ახალი უკაბელო ანტენები და რადიატორს მოხსნეს დაზიანებული მილები. გარდა ამისა, გამოცვალეს გატეხილი კამერაც.

ძველი აღჭურვილობა ასტრონავტებმა სადგურში შეიტანეს; მათ თანდათან დედამიწაზე ჩამოიტანენ.


ღია კოსმოსში ყოფნა და სამუშაოები 6,5 საათს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ NASA-მ დრო 6 სთ და 10 წთ-მდე შეამცირა, რადგან ასტრონავტ ენდრიუ ფიუსტელის ჰაერის გამწმენდ სისტემას გარკვეული პრობლემები შეექმნა. ასტრონავტებმა წარმატებით გაართვეს თავი არა მხოლოდ ყველა დაგეგმილ დავალებას, არამედ შეასრულეს დამატებითი სამუშაოც.

ჩაცმის შემდეგ, ფიუსტელის სკაფანდრმა შემოწმება სამჯერ ვერ გაიარა, თუმცა მეოთხედ ეს მოხერხდა. შესაბამისად, ასტრონავტი ღია კოსმოსში ერთი საათის დაგვიანებით გავიდა.

დედამიწის ზედაპირიდან 402 კმ სიმაღლეზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ენდრიუ ფიუსტელი და რიკი არნოლდი 2 დღის წინ, ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაემგზავრნენ. ბორტზე ისინი აგვისტომდე დარჩებიან.

NASA-ს კოსმოსური სადგურის მენეჯერის, კენი ტოდის განცხადებით, ფიუსტელი და არნოლდი საკმაოდ გამოცდილი ასტრონავტები არიან, მაგრამ ორბიტაზე მოძრავი სადგურიდან ღია კოსმოსში გასვლა მაინც განსაკუთრებულ რისკებთან იყო დაკავშირებული.


ფიუსტელი ღია კოსმოსში მეშვიდედ გავიდა, არნოლდი კი მესამედ.

2 აპრილს, კომპანია SpaceX-ი კანავერალის კონცხიდან საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ თავის ხომალდს გაუშვებს, რომელიც ეკიპაჟის წევრებისთვის სხვადასხვა სახის ტვირთსა და საკვებს აიტანს.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწის ორბიტაზე 402 კმ სიმაღლეზე მოძრაობს. ხომალდი ჩვენს პლანეტას გარს უვლის ყოველ 90 წუთში ერთხელ, 28 000 კმ/სთ სიჩქარით.


მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.