ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობაში ბრალდებულ ხუთივე პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სხვადასხვა დროს, სოციალურ ქსელის, VIPOLE-ს მეშვეობით დაეკონტაქტნენ ერთ-ერთ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელმაც თითოეულ მათგანს ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა თბილისში, მის მიერ მითითებული სამალავი ადგილებიდან აეღოთ ნარკოტიკული საშუალებები, დაეფასოებინათ და მოეთავსებინათ სხვადასხვა ადგილებზე განთავსებულ სამალავებში. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულებს უნდა გადაეღოთ ფოტო მათ მიერ მოწყობილი სამალავებისთვის და ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით, ეს ფოტოები VIPOLE –ს მეშვეობით უკან გადაეგზავნათ აღნიშნული მომხმარებელისთვის, რომელიც თავის მხრივ, ამ ფოტოებს ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებს გადაუგზავნიდა. ხუთივე ბრალდებულმა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ოდენობით შეიძინეს და შემდგომი გასაღებისთვის სამალავში განათავსეს ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება, გადაუღეს ფოტოები და გადაუგზავნეს სოციალურ ქსელის VIPOLE-ს ზემოთხსენებულ მომხმარებელს.

„გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ასევე დაკავებულია ყველა ბრალდებული პირი“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

დაკავებულთაგან ოთხ პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა), ხოლო ერთ პირს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას  შს სამინისტრო აგრძელებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩაინიშნა.