„ნაპოლიში“ მარადონას პარტნიორმა კვარაცხელია შეაქო - მას სამხრეთამერიკელის თვისებები აქვს #1TVSPORT
„ნაპოლიში“ მარადონას პარტნიორმა კვარაცხელია შეაქო - მას სამხრეთამერიკელის თვისებები აქვს #1TVSPORT

„ნაპოლის“ ლეგენდამ, ანტონიო კარეკამ (რომელიც ნეაპოლურ კლუბში დიეგო მარადონას პარტნიორი იყო), Corriere dello Sport-Stadio-სთან ინტერვიუში ლუჩანო სპალეტის გუნდზე საუბრისას ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გამოარჩია.

„ანბანის მიხედვით ჩამოვთვლი გვარებს, რომლებიც ჩემთვის „ნაპოლისთან“ ასოცირდება, ესენი არიან მწვრთნელები, პრეზიდენტები, სპორტული დირექტორები და მოთამაშები, მათ შორის, ახალი თაობიდან. გამოვარჩევდი მერეტს, კიმს, კვარაცხელიას, ლობოტკას, ლოზანოს, ოსიმენს და, რა თქმა უნდა, სპალეტის.

მოთამაშე, რომელმაც ყველაზე მეტად მომხიბლა? კვარაცხელიას ისეთი თვისებები აქვს, რომლებიც სამხრეთამერიკელებს გამოარჩევთ, ძალიან ტექნიკურია, მაგრამ ყველზე მეტად მაინც ოსიმენის თამაშით მოვიხიბლე. ის ტექნიკური თამაშით შეიძლება არ გამოირჩევა, მაგრამ ბევრს მუშაობს, საქმის შესრულება და გოლის გატანა შეუძლია, დაუღალავია და მოედნის ყველა მონაკვეთში მოძრაობს.

„ნაპოლი“ სკუდეტოს მოსაგებად დამაჯერებლად მიიწევს წინ. ტიტულს ჯერ კიდევ მოპოვება სჭირდება, მაგრამ ასეთი უპირატესობის განიავება თითქმის წარმოუდგენელია“, – ამბობს ანტონიო კარეკა.

ანტონიო კარეკა ფეხბურთის გულშემატკივრებს 1986 წლის მექსიკისა და 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატებიდან დაამახსოვრდა – ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 62-ე ადგილზე დასახელდა. „სან-პაულუში“ 1986 წელს ბრაზილიის ჩემპიონი გახდა.

1987 წელს კარეკამ ბრაზილია დატოვა, იტალიურ „ნაპოლიში“ გადავიდა, სადაც დიეგო მარადონასა და თანამემამულე ალემაოს თანაგუნდელი გახდა. „ნაპოლის“ შემადგენლობაში უეფას თასი მოიპოვა – ორმატჩიან ფინალში ნეაპოლელებმაშტუტგარტს“ აჯობეს (2:1, 3:3), კარეკამ ორივე მატჩში თითო ბურთის გატანა მოახერხა. 1989-90 წლების სეზონში კარეკა „ნაპოლის“ შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.