„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი - კევინ დე ბრუინის ტრანსფერზე თვეების განმავლობაში ვმუშაობდით #1TVSPORT
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ დაადასტურა, რომ კლუბი კევინ დე ბრუინის ტრანსფერზე დიდი ხანია მუშაობს და საბოლოო შეთანხმება ახლოსაა.
„კევინის ტრანსფერზე თვეების განმავლობაში ვმუშაობდით და ახლა დასასრულს ვუახლოვდებით“, — ჯოვანი მანას სიტყვებს სატრანსფერო „ბაზრის“ ექსპერტი ფაბრიციო რომანო ციტირებს.
33 წლის ბელგიელ ფეხბურთელს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი ივნისში ეწურება და ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ხოლო „ნაპოლი“ მას სამწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს.
იტალიაში გადაბარგების შემთხვევაში, დე ბრუინი კვლავ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე და სავარაუდოდ, გახდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი სერია A-ში.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ბელგიელი სეზონში ანაზღაურების სახით, დაახლოებით, 6 მილიონ ევროს მიიღებს. „ნაპოლი“ კონტრაქტის გაფორმებისთვის მას ასევე 10 მილიონ ევროს გადაუხდის.
კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობდა, მან ექვსჯერ – პრემიერლიგა, ხოლო 2023 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.