„ნაპოლიმ“ კვარაცხელია წარადგინა - ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმაზე მეტი გოლი გავიტანო, ვიდრე საჭიროა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელი დღეს „ნაპოლიმ“ ოფიციალურად წარადგინა და საქართველოს ნაკრების ლიდერმა მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.
„ნაპოლიზე“ არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და კარგი მწვრთნელი ჰყავს. ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და როცა შეთავაზება მივიღე, დიდხანს არ მიფიქრია. გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე და ვფიქრობ, დროც დაამტკიცებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
ჩემზე ნათქვამი მწვრთნელის სიტყვები დიდი სტიმულია, რადგან „ნაპოლი“ ძალიან სახელოვანი გუნდია და აქ იმისთვის მოვედი, რომ მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშო. ინსინიე დიდი ფეხბურთელია, მაგრამ აქ არა მის შესაცვლელად, არამედ, ჩემი ფეხბურთის საჩვენებლად მოვედი.
პირველი ემოციები განვლილი ერთი კვირიდან? ფეხბურთელები კარგად დამხვდნენ, ახალგაზრდა ვარ და მათგან ბევრს ვსწავლობ. ენის სწავლისთვის 3-4 თვე მაინც დამჭირდება, მაგრამ ფეხბურთისთვის რაც საჭიროა, თითქმის ყველა ვისწავლე.
რუსეთის დატოვება ცოტა რთული საკითხია, უფრო პოლიტიკური შეკითხვაა. იმიტომ დავტოვე რუსეთი, რომ საჭიროება მოითხოვდა და წავედი საქართველოში. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის გამო სწორი გადაწყვეტილება მივიღე. როცა პატარა ქვეყნიდან ფეხბურთელი ასეთ დიდ გუნდში მიდის, ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია და ძალიან წაადგება.
რას დავიწერ მაისურზე? ჩემს გვარს, მაგრამ შეგიძლიათ კვარა დამიძახოთ. და რამდენ გოლის გატანა მსურს? ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმაზე მეტი გოლი გავიტანო, ვიდრე საჭიროა. რატომ 77 ნომერი? იმიტომ, რომ 7 ჩემი საყვარელი ციფრია და ვინაიდან 7 ნომერი თავისუფალი არ იყო, 77 ავიღე”.