ნაპირზე გამორიყულ დელფინებში ალცჰაიმერის დაავადების ნიშნები დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
ნაპირზე გამორიყულ დელფინებში ალცჰაიმერის დაავადების ნიშნები დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება

შეიძლება თუ არა, რომ ალცჰაიმერის დაავადება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც დელფინები გზას კარგავენ და ნაპირზე ირიყებიან? სწორედ ამის შესაძლებლობა შეისწავლეს 20 ჩვეულებრივ ბოთლცხვირა დელფინში (აფალინაTursiops truncatus), რომლებიც 2010 – 2019 წლებში ნახეს გამორიყული ფლორიდაში, ინდიელთა მდინარის ლაგუნების სისტემაში.

ამას გარდა, კვლევის ავტორებმა დელფინების ნეიროდეგენერაციის ნიშნები კლიმატის ცვლილებას დაუკავშირეს — რაც ტოქსიკური წყალმცენარეებისა და ბაქტერიების ჭარბად გამრავლების მეშვეობით ხდება და რაც უფრო ხშირი და გავრცელებულია თბილ წყლებში.

გამორიყულ დელფინთა თავის ტვინის ანალიზებმა აჩვენა ცვლილებები გენების ექსპრესიაში, რომლებიც ადამიანებში ალცჰაიმერის დაავადებასთან არის დაკავშირებული; ასევე გამოვლინდა ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი დაზიანება, როგორიცაა შედედებული ცილები.

თუმცა, წყალმცენარეების ყვავილობის სეზონზე გამორიყულ დელფინებს ერთი მნიშვნელოვანი რამ განასხვავებდა — მათ თავის ტვინში ნეიროტოქსინ 2,4-დიამინობუტირის მჟავის (2,4-DAB) დონე 2900-ჯერ უფრო კონცენტრირებული იყო, ვიდრე სხვა დელფინებში, რომლებიც ნაპირზე წყალმცენარეების არარსებობის შემთხვევაში გამოირიყნენ.

ეს გახლავთ ციანობაქტერიით სავსე წყალმცენარეების მავნე ეფექტების მტკიცებულება, რამაც შეიძლება ახსნას ნავიგაციის უნარებისა და მეხსიერების გარკვეული დაქვეითება, რის გამოც, დელფინები ნაპირზე ირიყებიან.

„ვინაიდან დელფინები საზღვაო გარემოში ტოქსიკური ზემოქმედების გუშაგებად ითვლებიან, არსებობს შეშფოთება ციანობაქტერიული ყვავილობის შედეგად ადამიანებში ჯანმრთელობის პრობლემების გამოწვევასთან დაკავშირებით“, — ამბობს მაიამის უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგი დევიდ დევისი.

კონტექსტისთვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დელფინებს, როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად უვითარდებათ ტვინის პრობლემები, რომლებიც ძალიან ჰგავს ალცჰაიმერის დაავადებას. ასევე ცნობილია, რომ ციანობაქტერიის მიერ გამოყოფილი ტოქსინები აზიანებს ცხოველებისა და ადამიანების ნეირონებს, მაგრამ ადამიანის ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან კავშირი ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.

მკვლევართა ჯგუფი ახლა ვარაუდობს, რომ დელფინებში ეს პრობლემები შეიძლება ჩქარდებოდეს და უარესდებოდეს წყალმცენარეების ყვავილობის გამო. კვლევა დამატებით დეტალებს გვაწვდის ზიანის გამომწვევი ნეიროტოქსინების, დელფინების ტვინზე ძირითადი შედეგებისა და სეზონური ვარიაციების შესახებ.

„ალცჰაიმერის დაავადების ნეიროპათოლოგიური ცვლილებებისა და წყალმცენარეების ტოქსინების ბუნებრივი აკუმულაციის თანხვედრა, რაც დელფინებში შევნიშნეთ, უნიკალურ შესაძლებლობას გვთავაზობს, რომ შევისწავლოთ ამ ორი ერთმანეთთან დამთხვეული მოვლენის ტვინზე ზემოქმედება“, — წერენ მკვლევრები.

თუმცა, რისკი მხოლოდ დელფინებით არ შემოიფარგლება; წყალმცენარეთა ზედმეტად გამრავლება ზიანს აყენებს ზღვის სხვა მრავალი სახის სიცოცხლესაც, რასაც შემდეგ თანმხლები ეფექტები აქვს კვების ჯაჭვზე და საბოლოოდ ადამიანებამდე მივყავართ.

კვლევები უკვე უკავშირებს წყალმცენარეთა ყვავილობას ტოქსინებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ მეხსიერების დაკარგვა, რაც რა თქმა უნდა, ალცჰაიმერის მთავარი მახასიათებელია. თუკი ეს ქიმიკატები ჩვენს საკვებში საკმარისად დიდი რაოდენობით მოხვდება, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები.

კვლევა დელფინებზე ჩატარდა და არა ადამიანებზე, მაგრამ როგორც მკვლევრები შენიშნავენ, ზოგიერთი ფუნდამენტური, ალცჰაიმერის მსგავსი ცვლილებები ტვინში იგივეა. ჯერჯერობით არ არსებობს პირდაპირი კავშირი, მაგრამ არსებობს ნიშნები, რაც ნამდვილად ღირს მომავალში შესწავლად.

ამავე ჯგუფის ზოგიერთი მკვლევარი წარსულში იკვლევდა ციანობაქტერიას და ციკასი ხეების მიერ გამოყოფილ ნეიროტიქსინებს და დაადგინეს, რომ ეს ტოქსინები ძლებს გარემოში და კვების ჯაჭვში აკუმულირდება. ამ პოტენციური გზით, ამ ტოქსინების ზემოქმედება ადამიანებში შეიძლება განაპირობებდეს სხვადასხვა სახის ნეიროდეგენერაციას, მათ შორის, დემენციას.

„მიუხედავად იმისა, რომ ალცჰაიმერის დაავადების მრავალი გზა არსებობს, ციანობაქტერიის ზემოქმედება, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად გვევლინება რისკ-ფაქტორად“, — ამბობს დევიდ დევისი.

კვლევა Communication Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია brainchemistrylabs.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.