ნანტის პროკურორი აცხადებს, რომ ქალაქის საკათედრო ტაძარში ხანძრის სამი კერაა დაფიქსირებული
ნანტის პროკურორი აცხადებს, რომ ქალაქის საკათედრო ტაძარში ხანძრის სამი კერაა დაფიქსირებული

საფრანგეთის ქალაქ ნანტის პროკურორი პიერ სენი აცხადებს, რომ ქალაქის საკათედრო ტაძარში ხანძრის სამი კერაა დაფიქსირებული.

ხელისუფლება მომხდარს კრიმინალურ აქტად განიხილავას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ამასთან, პროკურორს ტაძარში ცეცხლის გაჩენის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ სახანძრო სამსახური ცეცხლს აკონტროლებს.

ნანტის სახანძრო სამსახურის უფროსი ლორან ფერლი აცხადებს, რომ ადგილზე 104 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მისი ინფორმაციით, ცეცხლმა ტაძრის ორღანი მთლიანად გაანადგურა. ასევ ჩამსხვრეულია ტაძრის წინა მხარეს ვიტრაჟები.

ამავე დროს, სახანძრო სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ ვითარება იმაზე ნაკლებად სერიოზულია, ვიდრე თავდაპირველად შიშობდნენ.

„ჩვენ ნოტრ-დამის სცენარით არ მივდივართ. ცეცხლი ტაძრის სახურავს არ შეხებია“, – აღნიშნა ფერლიმ.

ნანტში მდებარე პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის მშენებლობა 1434 წელს დაიწყო და 457 წელი გრძელდებოდა. ტაძარი ნაწილობრივ დაინგრა მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვის შედეგად. 1972 წელს ტაძარში გაჩენილი ხანძარმა კი მისი სახურავი დააზიანა, რომლის საბოლოო აღდგენას 13 წელი დასჭირდა.