ნანა ზავრადაშვილი - უნდა დასრულდეს ერა, როცა ფსიქიატრია იზოლირებული ქალაქს, თვალსა და ზოგად მედიცინას მოშორებული იყო
ნანა ზავრადაშვილი - უნდა დასრულდეს ერა, როცა ფსიქიატრია იზოლირებული ქალაქს, თვალსა და ზოგად მედიცინას მოშორებული იყო

უნდა დასრულდეს ერა, როცა ფსიქიატრია იზოლირებული, სპეციალიზებული, ცენტრს, ქალაქს, თვალსა და ზოგად მედიცინას მოშორებული იყო, – ამის შესახებ „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ წევრმა, ილიას უნივერსიტეტის ლექტორმა, ფსიქიატრმა ნანა ზავრადაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ზოგადი ჯანდაცვის სისტემაში ფსიქიატრიის ინტეგრაცია თანამედროვე ფსიქიატრიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დაიხურა ღუდუშაურის კლინიკაში განყოფილება, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამას ახორციელებდა და რატომ არ მიიღო კლინიკამ საწოლების შემცირების გადაწყვეტილება ისევე, როგორც ეს სხვა სტაციონარებმა გააკეთეს, ნანა ზავრადაშვილმა განაცხადა, რომ პროვაიდერმა ჩათვალა, ეს მისთვის გამოსავალი არ იქნებოდა. 

„ამ განყოფილებებში სერიოზული კრიზისი დადგა და ღუდუშაურის განყოფილება დაიხურა. ორი განყოფილება არ დაიხურა, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თითქმის ყველა დახურული იყო“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი, პროგრესული სერვისები აუცილებლად უნდა შეენარჩუნებინათ, რაც სახელმწიფოსა და კერძო პროვაიდერის პასუხისმგებლობა იყო.

„ბაზარზე კერძო პროვაიდერი უკვე არსებობდა, მაგრამ დავკარგეთ და მისი ხელახლა შემობრუნება ადვილი არ არის. დღეს დაფინანსებამ მოიმატა, მაგრამ პროვაიდერი არ დაბრუნდა“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

მისივე თქმით, ზოგადი პროფილის კლინიკაში სამი მწვავე განყოფილება არსებობდა, თუმცა დაფინანსების წესის ცვლილების გამო, პროვაიდერმა, რომელსაც მისთვის წამგებიან მომსახურებაზე უარის თქმის სრული უფლება აქვს, განაცხადა, რომ ეს სერვისი მისთვის წამგებიანი იქნება და განყოფილება დახურა.