ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას, – ამის შესახებ ნანა ყეინიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ყეინიშვილის თქმით, კატეგორიულად არ ეთანხმება მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს.
,,ბოლო დღეების განმავლობაში ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას ჩემი პოზიცია გავაცნო. კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემ მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის. ამასთან, ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში ჩემი სტატუსი იყო არააღმასრულებელი და არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი.
პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“, – წერს ყეინიშვილი.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო.
მანამდე კი, ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი საბჭოს გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესს ჩამოაშორა.