ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ეროვნული ბანკი განცხადებაშია ნათქვამი, ბანკი გაეცნო შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების წერილებში დასახელებულ გარემოებებს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა.
მათივე ცნობით, ვინაიდან წერილში აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს.
„ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება. ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო არ დადგება სრული სიცხადე, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.
რაც შეეხება თავად ვირტუალური აქტივების პროვაიდერ შპს „ბიტექსჩეინჯს“, გაცნობებთ, რომ აღნიშნული სუბიექტი დაჯარიმებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის მისი გეგმიური შემოწმების შედეგად“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო.
ნანა ყეინიშვილი ევროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარდგინების საფუძველზე დაამტკიცა.