ნანა ლორთქიფანიძე - ახლა არც მუხტი არსებობს იმის და არც რესურსი, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გაუთავებელი მიტინგები ტარდებოდეს
ახლა არც მუხტი არსებობს იმის და არც რესურსი, რომ ვადამდელი არჩევნებისა და საარჩევნო კოდექსის შეცვლის მოთხოვნით გაუთავებელი მიტინგები ტარდებოდეს, – ამის შესახებ მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამ ოპოზიციურ ძალას ადამიანთა პულსზე ხელი არასოდეს ეკავა და ჩვენს პულსაციას ვერასდროს გრძნობდნენ. ასე რომ, თუ ვერც ახლა ვერ იგრძნობენ, არც ეს გამიკვირდება“, – განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.
ამ განცხადებით ნანა ლორთქიფანიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა საზოგადოების მოთხოვნისა და განწყობის ადეკვატური გაერთიანებული ოპოზიციის გეგმა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, საპროტესტო აქციები მოეწყოს და რამდენად სწორად გრძნობს გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოების პულსაციას.
როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი კარტოფილამდე და ხახვამდე დაიყვანა და ამით, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა.
მან ასევე განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, „რუსთავი 2“-დან შეურაცხყოფისა ცილისწამების ნიაღვარი მოდიოდა, რისი მსხვერპლიც პირადად ის და მისი ოჯახი გახდნენ.
„აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე, ადამიანი, ნინუკა ბორჩხაძე, პირდაპირ გვადებს ხელს, რომ ნანა ლორთქიფანიძე და მისი და რაღაც მუქარის წერილებს მწერენო. ეს არასდროს არ დამთავრდება, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან, სანამ კანონი არ იკანონებს და სანამ არ მეცოდინება, რომ თუ მწამებელი, გამაუპატიურებელი ვარ და 50 მილიონს ვიპარავ, ამაზე პასუხს არავინ მომთხოვს“, – განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.