ვადამდელ არჩევნებზე განცხადება პოლიტიკურ არენაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო სიმღერაა, ისინი ემშვიდობებიან პოლიტიკას, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ვადამდელ არჩევნებზე განცხადებას არ აქვს არც ლეგიტიმური და ლოგიკური საფუძველი.
„მიმდინარე ბოლო პროცესები ნათლად ასახავს იმ რეალობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ შეიქმნა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. მათ უკვე მერამდენედ დააანონსეს, რომ იწყებენ პერმანენტულ აქციებს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, რამაც ფაქტობრივად, ყველანაირი აზრი დაკარგა; ნათლად ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო სიმღერა პოლიტიკურ არენაზე და ის ფაქტობრივად, ემშვიდობება პოლიტიკას; მათ ამოწურეს ბრძოლის ყველანაირი შესაძლებლობა, ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, სახელმწიფოს ჩამოშლისთვის, დესტრუქციული ქმედებების ყველა შესაძლებლობა ამოწურეს და როგორც ჩანს, ემშვიდობებიან პოლიტიკას. მათ კარგად იციან, რომ ამ მოთხოვნას, ვადამდელ არჩევნებზე, არ აქვს არც ლეგიტიმური და არც ლოგიკური საფუძველი. კონსტიტუცია ძალიან ცალსახად განსაზღვრავს, რა შემთხვევაში შეიძლება, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები; ეს არის, თუ ვერ დამტკიცდა მთავრობა და ვერ დამტკიცდა ბიუჯეტი. მხოლოდ ამ ორ შემთხვევას ითვალისწინებს კონსტიტუცია იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. არც ერთი და არც მეორე რეალობა დღეს ქვეყანაში არ დგას. კონსტიტუციით, არჩევნები უნდა ჩატარდეს 2024 წელს.
რაში მდგომარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ ეს მოთხოვნა და რატომ იყო საჭირო, რომ ეს მოთხოვნა დაეყენებინათ – ერთ ის, რომ უკრაინის მოვლენებმა აჩვენა, ისინი გაემიჯნენ უკვე არა ხელისუფლებას, არამედ ისინი გაემიჯნენ ოპოზიციასაც. ის, რომ მათ არ მიიღეს თუ ვერ მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტში უკრაინაში და გამოეყვნენ ოპოზიციასაც, ამით ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიციასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ბმა უკრაინის მოვლენებმა ჩაწყვიტა და ისინი ჩაეხსნენ ოპოზიციას, ახლა არიან მარტო. არის ის ფაქტორიც, რომ მოწვევა მოვიდა პარლამენტის თავმჯდომარეზე და არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციის მიწვევა და მხოლოდ დანარჩენი ოპოზიციის ძალისხმევით მოხდა, რომ მოხვდნენ დელეგაციაში. „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლება ყოფილიყო იგნორირებული, შექმნილიყო შავი პიარი, რასაც ცდილოდნენ იქ მყოფი „ნაცმოძრაობის“ კრიმინალები, რომლებიც თანამდებობებზე არიან დანიშნული სამწუხაროდ; ამან ბოლოს გარკვეულწილად იმუშავა, რადგან ჩვენ სახელმწიფოს მიადგა ზიანი იმ მხრივ, რომ იყო შეურაცხყოფები, დაუმსახურებელი კრიტიკა ხელისუფლების; მაგრამ უკრაინის ხელისუფლება მიხვდა, რომ „ნაცმოძრაობის“ დაკრულზე ნაბიჯების გადადგმა იყო წამგებიანი, როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის და მოხერხდა, რომ უკრაინის ხელისუფლება გაემიჯნა იქაც „ნაცმოძრაობას“, მოხდა ორი ქვეყნის ხელისუფლების შეხვედრა. „ნაცმოძრაობის“ ეს მოთხოვნა გავს მომაკვდავი გედის სიმღერას, რომ ისინი ვითომ მარტო კი არ არიან, არამედ ოპოზიციის მოთხოვნას აჟღერებენ, რომ უნდათ ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
ამასთან, ნანა კაკაბაძის თქმით, ბაკურიანის შეხვედრა იყო მცდელობა დესტაბილიზაციის, არეულობის და ხელისუფლების დამხობის.
„ნაციონალურმა მოძრაობამაც და იმ ოპოზიციამ, რომლებიც ბაკურიანში იყვნენ შეკრებილი, გადასარევად იციან, რომ არჩევნების გზით ისინი ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში უახლოესი 50 წელი; ამიტომ ისინი რაზეც მუშაობენ, ეს არის გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა; დაქცეულ ქვეყანაში ეძლევათ მათ საშუალება, დაეუფლონ ხელისუფლებას. მათ დაავიწყდათ, რომ დღეს არ არის 2003 წელი, როდესაც ხელისუფლება იყო მორყეული; ბაკურიანის შეხვედრას და მსგავს ტრეინინგებს შეეძლო, ემუშავა იმ შემთხვევაში, თუ გვექნებოდა 2003 წლის მდგომარეობა. მაშინ ხელისუფლება იყო იმდენად დასუსტებული და საზოგადოებაში ისეთი უარყოფითი მუხტი არსებობდა, თუნდაც კორუფციული თვალსაზრისით, ეს ნიადაგი უკვე არსებობდა გადატრიალების და სახელმწიფო ჩამოშლისკენ. დღეს ეს მოცემულობა არ გვაქვს და მხოლოდ ბაკურიანის შეხვედრები და გეგმების დასახვა, როგორ ჩამოიშალოს ქვეყანა, ვერ მიცემს რეზულტატს ასეთ დესტრუქციულ და ბოროტ ძალებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებენ და არაფრად აგდებენ ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
ამასთან, კაკაბაძის თქმით, რაც შეეხება კიევში მელია-მარგველაშვილის ვიზიტს, ძალიან მძიმეა საუბარი მარგველაშვილზე.
„მძიმეა საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ თავად ჩაიგდო თავი ამ მძიმე მდგომარეობაში. კაცი პრეზიდენტის სახელს ატარებდა, დღეს მასხარის როლში გვევლინება პოლიტიკაში და არის მართული იმ ძალის მიერ, ვისაც ის გაყვა უკრაინაში და კიდევაც თქვა, რომ მას ეს უბრძანა სააკაშვილმა; ის იყო იძულებული, რომ იქ ჩასულიყო. ამ ვიზიტის მიზანი იყო – ვინაიდან „ნაცმოძრაობის“ კრიმინალური წარმომადგენლები იქ მაღალ თანამდებობებზე არიან, მათ ქონდათ ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლება გეგმავდა მიწვევას საქართველოს ხელისუფლების და მათი ჩასვლა იყო ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე ეს ვიზიტი ჩაშლილიყო; ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ჩაეშალათ მიზანი და ეს მოწვევა მაინც შედგა. მეოთხე პრეზიდენტი გამოჩნდა საცოდავ როლში. დღეს მძიმეა, რომ ფიქრობ, ის რომ ატარებდა პრეზიდენტის სტატუსს, ატარებდა საქართველოს სახელს მსოფლიოში და ახლა ასეთი იმიჯით იყო წარმოდგენილი უკრაინაში. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი პრობლემაა“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.