საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ალექსანდრია დღეს იუბილარია. ის არის მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების ექვსგზის ჩემპიონი, მათგან სამჯერ – 1969, 1978 და 1982 წლებში ჩატარებულ ოლიმპიადებზე ნანა ალექსანდრია თავის დაფებზე მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ნანა ალექსანდრია არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1970). საბჭოთა კავშირის სამგზის და საქართველოს ასევე სამგზის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი. მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.
სხვადასხვა წლებში ნანა ალექსანდრია ფიდე-ს ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე, ცენტრალური კომიტეტის წევრი და დიდოსტატთა საერთაშორისო ფედერაციის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.
თითქმის ნახევარი საუკუნეა რაც ნანა ალექსანდრია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელია.
ნანა ალექსანდრია არის საჭადრაკო კლუბ „ნტნ“-ის პრეზიდენტი.
1976-1995 წლებში ნანა ალექსანდრია იყო საქართველოს ტელევიზიის სპორტული პროგრამებისა და პროგრამა „ალიონის“ სპორტული კომენტატორი; გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი „ქართული გამბიტი“, ეს ფილმი სპეციალურად მანილას საჭადრაკო ოლიმპიადის წინ გადაიღეს. ნანა ალექსანდრიას უდიდესი ძალისხმევის შედეგად საქართველო 1992 წელს საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილე გუნდი გახდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი დაისაკუთრა.
ნანა ალექსანდრია ქართული ჭადრაკის ოქროს კაპიტანია, რადგან მისი თავკაცობით გუნდი ზედიზედ სამჯერ საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებული გახდა.
13 ოქტომბერს 17.00 საათზე ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში ნანა ალექსანდრიას საიუბილეო საღამო და საჭადრაკო ფესტივალის “ნანა ალექსანდრიას” თასის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართება.