ნაკრებში გამოძახება მოულოდნელი იყო - შოვნაძემ სანიოლის მიწვევაზე ისაუბრა #1TVSPORT
ნაკრებში გამოძახება მოულოდნელი იყო - შოვნაძემ სანიოლის მიწვევაზე ისაუბრა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ 24 წლის მეკარე ლევან შოვნაძე საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა ეროვნულ გუნდში გამოძახების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. საქართველოს ნაკრებში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ოცნება ამიხდა. ძალიან მიხარია და სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რასაც ახლა ვგრძნობ“, – ამბობს ლევან შოვნაძე.

სამგურალის“ მეკარის თქმით, ნაკრებში მისი მიწვევა გუნდის დამსახურებაა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს და თანაგუნდელებს. მარტო ვერაფერს გავხდებოდი, ეს მათი დამსახურებაა, რომ ასეთ ფორმაში ვარ და ნაკრების მწვრთნელების ყურადღება დავიმსახურე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათი იმედები გავამართლო“.

ლევან შოვნაძე ბათუმელია და კარიერა მშობლიური ქალაქის „დინამოში“ დაიწყო. მაგრამ სათამაშო პრაქტიკა რომ მოაკლდა, 2019 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა, სადაც გასულ წლამდე თამაშობდა. 24 წლის მეკარემ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ გასულ სეზონში ქუთაისელებმა ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

შოვნაძესამგურალში“ 2022 წლის დასაწყისში მიიწვიეს და მას შემდეგ დამკვიდრდა წყალტუბოელთა ძირითად შემადგენლობაში, რომელიც ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის სენსაციაა, მესამე ადგილზეა და ევროსაგზურისთვის იბრძვის.

აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის მიერ ნაკრებში გამოძახებულ 23 ფეხბურთელს შორის ერთადერთი დებიუტანტი „სამგურალის“ მეკარეა. ლევან შოვნაძეს მიმდინარე სეზონში 10 მშრალი მატჩი დაუგროვდა და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.