ნაძალადევის რაიონის გამგებელი – ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი, მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება, არავინ არ დარჩება ქუჩაში
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ნაძალადევის რაიონშიც.
ნაძალადევის რაიონის გამგებელის, ირაკლი ანდღულაძის განცხადებით, რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი.
ირაკლი ანდღულაძის თქმით, შესაბამისი დახმარება გაეწია ყველას, ვინც უამინდობის გამო დაზარალდა.
„გუშინ უხვი ნალექი იყო, ნაძალადევის რაიონიც გამოირჩეოდა თოვლით. ამჟამად ვიმყოფებით გურამიშვილის გამზირის 3 ნომერში, სადაც გრუნტის დამჭერი კედელი ჩამოიშალა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ყველანი, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა მაისურაძე, მყისიერად და ოპერატიულად ვიყავით ადგილზე. იმ დღესვე გავიყვანეთ სასტუმროში 12 ოჯახი, ხოლო შემდეგ, როდესაც მოძებნიან ბინებს, უნდა გადავიყვანოთ ქირით. ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლის ჩამოშლა მოხდა რამდენიმე ლოკაციაზე – ლეჩხუმის, გურამ ასათიანის, სანერგის ქუჩებზე, საკუთარი სახლების მიმდებარე ქუჩებზე. იქაც მყისიერად გაიწმინდა, არავინ დარჩენილა უყურადღებოდ. ყველას მივაქციეთ ყურადღება, დავაბინავეთ. მინდა, აღვნიშნო, რომ არავინ არ დარჩება ქუჩაში. უზრუნველვყოფთ ყველა ჩვენს პროგრამულად გათვალისწინებულ მიმართულებას. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ გურამიშვილის ნომერი 3 არის ავარიული შენობა და „ამხანაგობა“ აწარმოებს ინვესტორთან საუბარს, რათა ჩანაცვლება მოხდეს. იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება და გაიყვანენ სრულ მოსახლეობას. ყველა მოსახლეს, რომელიც ცხოვრობს ავარიულ ბინებში, 1 000 ლარის ფარგლებში ვთავაზობთ ქირით გაყვანას. ჩვენი პრიორიტეტია, როდესაც მოქალაქე ცხოვრობს უსაფრთხოდ. ასევე, მერიის განვითარების ფონდს აქვს ჩანაცვლების პროგრამა, რომლითაც ვთავაზობთ მწვანე კარკასს, კვადრატული კვადრატულში საცხოვრებელ ბინაში, თუმცა ამ ეტაპზე ამ ლოკაციაზე არჩეული ჰყავთ ინვესტორი და მას ესაუბრებიან მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.