მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა რომის „მასტერსიდან“ გავარდნის შემდეგ როლან გაროსზე თავისი სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ილაპარაკა.
ლეგენდარული ესპანელის თქმით, მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.
„არის ორი შესაძლო გზა: პირველი – ვთქვა: „ვფიქრობ, არ ვარ მზად გამოვიდე როლან გაროსზე იმის გამო, როგორი თამაშიც რომში ვაჩვენე“; მეორე – მივიღო ის, ვინც ვარ დღეს და გავაგრძელო შესაბამისი მუშაობა, რათა საუკეთესო ფორმაში შევიდე. კიდევ ორი კვირა მაქვს.
გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ თუ მომიწევს ამ ორი გზიდან ამორჩევა, მე როლან გაროსს მივანიჭებ უპირატესობას და შევეცდები, გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემს ძალებშია“, – განაცხადა ნადალმა პრესკონფერენციაზე.
„დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონმა რომის „მასტერსის“ მეორე წრეში მხოლოდ ოთხი გეიმი აიღო პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩის წინააღმდეგ და ორ სეტში დამარცხდა – 1:6, 3:6.