ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა, იმ მიზეზების შესახებ ილაპარაკა, რის გამოც პარიზის „მასტერსში“ მონაწილეობა ვერ შეძლო, არადა ტურნირისთვის სერიოზულად ემზადებოდა.
„პარიზში რამდენიმე დღე შესანიშნავად გავატარე. კარგი იყო სხვა ჩოგბურთელებთან ერთად ვარჯიში. ვგრძნობდი, რომ გაცილებით უკეთ ვთამაშობდი, ვიდრე ერთი კვირით ადრე. მაგრამ, რამდენიმე დღის წინ, მუცლის კუნთებში მცირე ტკივილი ვიგრძენი, განსაკუთრებით მოწოდების დროს. ექიმს მივმართე და მან მომცა რეკომენდაცია ტურნირზე არ მეთამაშა, რადგან შეიძლებოდა გაცილებით მძიმე ტრავმა მიმეღო. ბუნებრივია, მინდა ზედმეტი გართულება თავიდან ავიცილო“ – მოჰყავს ნადალის სიტყვები ATP-ის პრეს-სამსახურს.
ასევე, ესპანელმა კომენტარი მის სავარაუდო მონაწილეობაზე წლის შემაჯამებელ ტურნირში გააკეთა, რომელიც 11-18 ნოემბერს ლონდონში გაიმართება.
„რა თქმა უნდა, ძალიან მინდა ლონდონში თამაში. მაგრამ, ყველაზე მთავარი ჩემთვის – ჯანმრთელობაა, რათა კარიერის გაგრძელება შევძლო.“
შეგახსენებთ, რომ ნადალის უარის გამო, ორშაბათიდან ის რეიტინგში პირველ ადგილს დაკარგავს და ახალი ლიდერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდება.