მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მძიმე გამარჯვებით დაიწყო პარიზის „მასტერსში“ გამოსვლა. მისი პირველი მეტოქე თანამემამულე ფელისიანო ლოპესი იყო, რომელმაც, მოულოდნელად, დიდი ბრძოლა გაუმართა რაფას.
პირველი სეტის პირველივე გეიმში ლოპესმა შეძლო ბრეიკის აღება და მთელი პარტია ისე ჩაატარა, რომ ნადალი მხოლოდ ერთ ბრეიკ-პოინტამდე მიუშვა, რომელიც ფავორიტმა ვერ გამოიყენა.
მეორე სეტში რაფა ფლობდა უპირატესობას, რაც ბრეიკ-პოინტების რაოდენობაშიც გამოიხატა: ხუთი ნულის წინააღმდეგ ნადალის სასარგებლოდ, მაგრამ ის კვლავ ვერ მივიდა ბრეიკამდე და საჭირო გახდა ტაი-ბრეიკის თამაში. აქ ყველაფერი ერთადერთმა მინი-ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ნადალმა აიღო და შეძლო სეტებში ანგარიშის გათანაბრება.
მესამე სეტის სტარტზე ნადალმა, როგორც იქნა, შეძლო მატჩში პირველი ბრეიკის აღება, მომდევნო გეიმში მან ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და ამის შემდეგ, მეტოქეებს ერთმანეთის გეიმების აღების შანსი აღარ ჰქონიათ. საბოლოოდ, ორი საათი და 31 წუთი ბრძოლის შემდეგ, 4:6, 7:6(5), 6:4 ნადალმა მოიგო და მერვედფინალში ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს შეხვდება.
სხვათა შორის, ეს იყო ნადალის მე-1000 მოგება კარიერაში. ის ისტორიაში მხოლოდ სამ ჩოგბურთელს ჩამორჩება – ჯიმი კორონსს (1 274 მოგება), როჯერ ფედერერსა (1 242) და ივან ლენდლს (1 068).