ნადალმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და როლან გაროსის ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის ლეგენდარული დაპირისპირების რიგით 59-ე შეხვედრა ესპანელმა მოიგო და როლან გაროსის ნახევარფინალში გავიდა. მატჩში, რომელიც ოთხი საათი და 11 წუთი გაგრძელდა, ნადალმა ოთხ სეტში გაიმარჯვა – 6:2, 4:6, 6:2, 7:6(4).
შეხვედრის დიდი ნაწილი კორტზე რაფა დომინირებდა, მაგრამ მას ჰქონდა ორი ჩავარდნა. პირველად მეორე სეტში, როცა ორმაგი ბრეიკით 3:0 დაწინაურდა და მაინც დათმო პარტია. მეორე ჩავარდნა იყო მეოთხე სეტის სტარტზე საკუთარი მოწოდების წაგება და 0:3 ჩამორჩენა. 5:3-ზე ჯოკოვიჩი სეტზე აწვდიდა და ორი სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ ნადალმა შეძლო გადარჩენა და ტაი-ბრეიკამდე მისვლა, სადაც ხუთმაგი მატჩბოლი მიიღო და მეოთხე ცდაზე შეძლო ნახევარფინალის საგზურის მოპოვება.
ნადალს 17 ბრეიკპოინტი ჰქონდა და შვიდი ბრეიკი, ჯოკოვიჩს – 12 და ოთხი. სერბის წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მეორე მოწოდებაზე ცუდი თამაში იყო – ქულების მხოლოდ 42 პროცენტი აიღო. გარდა ამისა, ნადალს ცხრით მეტი „ვინერსი“ და ათით ნაკლები უნებლიე შეცდომა ჰქონდა.
ეს იყო ნადალის მე-16 მეოთხედფინალი როლან გაროსზე და მე-15 მოგება. ჯოკოვიჩთან ურთიერთშეხვედრებში რაფამ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა – 29:30. ახალ რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, ესპანელი სტეფანოს ციციპასს გაასწრებს და მეოთხე ადგილს დაიკავებს.
ნადალის შემდეგი მეტოქე იქნება გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, რომელმაც ოთხ სეტში დაამარცხა მამაკაცთა ჩოგბურთის ახალი ვარსკვლავი, ესპანელი კარლოს ალკარასი – 6:4, 6:4, 4:6, 7:6(7). შეხვედრა სამი საათი და 21 წუთი გრძელდებოდა.