ნადალმა ცონგას წინააღმდეგ საჩემპიონო თამაში აჩვენა | უიმბლდონი 2019
უიმბლდონის მერვედფინალში ითამაშებს მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი. მან საჩემპიონო დონის თამაში აჩვენა მესამე წრეში ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგას წინააღმდეგ.
შეუდარებელი იყო ნადალი საკუთარ მოწოდებაზე – მან თავის გეიმებში მხოლოდ 10 ქულა წააგო, 11 ეისი ჩააწოდა და მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა. მთელი მატჩის განმავლობაში, ცონგამ ესპანელის მოწოდებაზე მხოლოდ ერთ გეიმში შეძლო ერთზე მეტი ქულის აღება.
ბუნებრივია, ცონგა ერთხელაც არ მისულა ბრეიკ-პოინტამდე, ნადალმა კი 11-დან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. აღსანიშნავია, აგრეთვე, ნადალის მხოლოდ 12 უნებლიე შეცდომა და 35 „ვინერსი“. საბოლოოდ, ესპანელმა საათსა და 50 წუთში 6:2, 6:3, 6:2 მოიგო.
33 წლის ესპანელისთვის ეს იყო მე-300 მატჩი “დიდი სლემის” ტურნირებზე. ამ მაჩვენებლით ის ჩამორჩება მხოლოდ როჯერ ფედერერს (406) და ნოვაკ ჯოკოვიჩს (315).