ნადალი და ვავრინკა ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებენ
ნადალი და ვავრინკა ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებენ

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა საჩვენებელი შეხვედრა ჩაატარა ფრანგი რიშარ გასკეს წინააღმდეგ და ორ სეტში წააგო – 4:6, 5:7. ეს იყო ესპანელი ჩოგბურთელისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთგვარი შემოწმება ავსტრალიის ღია პირველობის წინ.

ცნობილია, რომ ნადალმა ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გამოტოვა და ბოლო მომენტამდე არ იყო ცნობილი, შეძლებდა თუ არა „დიდი სლემის“ რიგით პირველ ტურნირზე თამაშს. როგორც მატჩის შემდეგ რაფაელ ნადალმა აღნიშნა, ის მზად იქნება ავსტრალიის ღია პირველობაზე სათამაშოდ.

„ჩემი მუხლი წესრიგშია. ეს არის მთავარი“, – მოჰყავს ნადალის სიტყვები სააგენტო AFP-ს.

ასევე ითამაშებს მელბურნში შვეიცარიელი სტენ ვავრინკა, რომელიც მუხლის ტრავმის გამო ექვსი თვის განმავლობაში ვერ თამაშობდა.

„ძალიან მიხარია დაბრუნება. მოუთმენლად ველოდები ტურნირს. ჯერჯერობით ჩემი მიზანი, უბრალოდ, კორტზე გასვლა და თამაშია. სხვაზე არაფერზე ვფიქრობ“, – განუცხადა ვავრინკამ AFP-ს.