ნადალი და ჯოკოვიჩი ბოლოჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - 18-წლიანი ბრძოლა სერბის მოგებით დასრულდა #1TVSPORT
საუდის არაბეთში დასრულდა საჩვენებელი საჩოგბურთო ტურნირი Six Kings Slam-ი. აქ ყველაზე დიდი ინტერესი მესამე ადგილისთვის მატჩმა გამოიწვია, რადგან ბოლოჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს ლეგენდები – სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი რაფაელ ნადალი. ამ უკანასკნელმა გამოაცხადა, რომ დევისის თასის შემდეგ წავა სპორტიდან, სერბეთი კი ვერ გავიდა ამ ტურნირის ფინალურ რაუნდში.
ეს იყო ჯოკოვიჩისა და ნადალის მე-60 დაპირისპირება. სერბი წინ იყო – 30:29 და ესპანელმა ვერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება.
პირველ სეტში ჯოკოვიჩი არ აძლევდა ნადალს შანსებს. ესპანელს არცერთი ბრეიკპოინტი არ ჰქონია, საკუთარ მოწოდებაზე კი ორჯერ მისცა მეტოქეს ბრეიკის შესრულების საშუალება – 6:2 32 წუთში.
მეორე სეტში სერბმა მოუკლო თამაშს (შესაძლოა, შეგნებულად) და ნადალმა შეძლო გაბრძოლება. 4:4-მდე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს. მეცხრე გემში ჯოკოვიჩმა „მშრალად“ მოიგო რაფას მოწოდება, მაგრამ მატჩზე ვერ ჩააწოდა, თუმცა ტაიბრეიკზე პირველივე მატჩბოლი გამოიყენა – 6:2, 7:6(5) საათსა და 31 წუთში.
მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა ნადალს ჩოგბურთში კიდევ ცოტა ხანი დარჩენა სთხოვა. ესპანელმა კი ორგანიზატორებისგან საჩუქრად ოქროს ჩოგანი მიიღო.
ახლა ნადალს ელოდება კარიერაში ბოლო ტურნირი – დევისის თასის ფინალური რაუნდი, რომელიც 19-24 ნოემბერს მალაგაში გაიმართება.
რაც შეეხება ფინალს, იანიკ სინერმა 2 საათსა და 21 წუთში სამ სეტში დაამარცხა კარლოს ალკარასი – 6:7 (5), 6:3, 6:3. ეს იტალიელის პირველი მოგება იყო 2024 წელს ესპანელის წინააღმდეგ. მანამდე მან ნახევარფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა (ზედიზედ მეოთხედ), ალკარასმა კი ნადალს აჯობა.