ინდიან უელსის მასტერსზე მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ერთმანეთის წინააღმდეგ ნახევარფინალისკენ რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა. ესპანელმა და შვეიცარიელმა კვლავ ორ-ორ სეტში მოიგეს თავიანთი შეხვედრები.
ნადალი სერბ ფილიპ კრაინოვიჩს ეთამაშებოდა და ზედიზედ სამი გეიმის მოგებით დაიწყო შეხვედრა, რის შემდეგაც, ამ ტურნირზე პირველად მისცა მეტოქეს ბრეიკ-პოინტი, რომელიც კრაინოვიჩმა გამოიყენა და ანგარიში შეამცირა. თუმცა, ნადალმა იქვე ისევ აიღო სერბის მოწოდება და სეტი მოგებამდე მიიყვანა, მეორე პარტიაში კი ერთი ბრეიკი იკმარა მოსაგებად და საათსა და 28 წუთში 6:3, 6:4 გაიმარჯვა. ესპანელი ბოლო სამ წელიწადში პირველად გავიდა ინდიან უელსის “მასტერსის” მეოთხედფინალში. მისი შემდეგი მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 5:0-ს იგებს.
როჯერ ფედერერმა მოუგო ბრიტანელ კაილ ედმუნდს – 6:1, 6:4. აღსანიშნავია, რომ მეტოქეებს ბრეიკ-პოინტების თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ – შვიდ-შვიდი, მაგრამ ედმუნდმა ვერც ერთი თავისი შანსი ვერ გამოიყენა, ფედერერმა კი სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.