ნადალი და ფედერერი ერთმანეთს მიაუხლოვდნენ
ნადალი და ფედერერი ერთმანეთს მიაუხლოვდნენ

ინდიან უელსის მასტერსზე მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ერთმანეთის წინააღმდეგ ნახევარფინალისკენ რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა. ესპანელმა და შვეიცარიელმა კვლავ ორ-ორ სეტში მოიგეს თავიანთი შეხვედრები.

ნადალი სერბ ფილიპ კრაინოვიჩს ეთამაშებოდა და ზედიზედ სამი გეიმის მოგებით დაიწყო შეხვედრა, რის შემდეგაც, ამ ტურნირზე პირველად მისცა მეტოქეს ბრეიკ-პოინტი, რომელიც კრაინოვიჩმა გამოიყენა და ანგარიში შეამცირა. თუმცა, ნადალმა იქვე ისევ აიღო სერბის მოწოდება და სეტი მოგებამდე მიიყვანა, მეორე პარტიაში კი ერთი ბრეიკი იკმარა მოსაგებად და საათსა და 28 წუთში 6:3, 6:4 გაიმარჯვა. ესპანელი ბოლო სამ წელიწადში პირველად გავიდა ინდიან უელსის “მასტერსის” მეოთხედფინალში. მისი შემდეგი მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 5:0-ს იგებს.

როჯერ ფედერერმა მოუგო ბრიტანელ კაილ ედმუნდს – 6:1, 6:4. აღსანიშნავია, რომ მეტოქეებს ბრეიკ-პოინტების თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ – შვიდ-შვიდი, მაგრამ ედმუნდმა ვერც ერთი თავისი შანსი ვერ გამოიყენა, ფედერერმა კი სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.