ნადალი და ალკარასი პარიზის ოლიმპიადაზე წყვილების ტურნირზე ითამაშებენ #1TVSPORT
ნადალი და ალკარასი პარიზის ოლიმპიადაზე წყვილების ტურნირზე ითამაშებენ #1TVSPORT

ესპანელი ჩოგბურთელები – „დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი კარლოს ალკარასი პარიზის ოლიმპიადაზე ერთად ითამაშებენ წყვილების ტურნირზე. ასევე, ისინი ერთეულებშიც გამოვლენ. ამის შესახებ განაცხადა ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, დავიდ ფერერმა.

„მე ვერ შევძელი ოლიმპიური მედლის მოგება, როგორც ჩოგბურთელმა, მაგრამ იმედია, ამას კაპიტნის რანგში შევძლებ. ერთ წყვილს შეადგენენ ნადალი და ალკარასი, მეორე ჯერ ცნობილი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ერთზე მეტ მედალს მოვიგებთ“, – მოჰყავს ფერერის სიტყვები გაზეთ Marca-ს.

პარიზის ოლიმპიადაზე საჩოგბურთო ტურნირი 27 ივლისიდან 4 აგვისტომდე როლან გაროსის კორტებზე გაიმართება.