„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია გამართა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია გამართა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, არსებული დაძაბული ფონი შერიგების პოლიტიკით შეცვალოს. აქციის მონაწილეებს რამდენიმე გამომსვლელმა სიტყვით მიმართა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, დღეს ყველაფერს წყვეტს ბიძინა ივანიშვილი და სუს-ი.

„სალომე ზურაბიშვილისადმი მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს, ის არაფერს არ წყვეტს ამ ქვეყანაში, ისევე როგოც მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო, წყვეტს ბიძინა ივანიშვილი, მისი სუს-ი და ეს რეჟიმი, რასაც უბრძანებენ, როგორც ზურაბიშვილს, ასევე სასამართლოს, ისე მოიქცევიან“, – განაცხადა ბარამიძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივად აზროვნებს, სააკაშვილის გათავისუფლების ბერკეტი მის ხელშიც არის და ეს უნდა გამოიყენოს.

„მათ ხელში არის დღეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გასაღები. ეს იქნება სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება სხვა ფორმა, იურიდიული, ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს. ერთ-ერთი ბერკეტი სალომე ზურაბიშვილის ხელშიც არის, თუ ის სახელმწიფოებრივად აზროვნებს თუ მის ინტერესში შედის, რომ პოლიტიკური კრიზისი კი არ გაღრმავდეს, არამედ დაიძლიოს, ეს ბერკეტი უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.