„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მასზე უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება ხორციელდება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მასზე და მის ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება ხორციელდება. დეკანოიძე შსს-ს მიმართავს, აღნიშნული ფაქტი გამოიძიონ.
„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ჩემი ოჯახის წევრებზე, ჩემს 21 წლის შვილზე და ჩემზე, ფარული მიყურადების და უკანონო მოსმენის ფაქტების შესახებ. მიმდინარე წლის 17 სექტემბერს კოსტავას გამზირზე და ყაზბეგის გამზირზე. სურათებს უღებდნენ და უთვალთვალებდნენ შავი მანქანიდან, ჩემმა შვილმა, მისმა მეგობრებმა და ჩემი ოჯახოს წევრებმა მოახერხეს მანქანისთვის სურათის გადაღება და მისი ნომრის დაფიქსირება. ჩვენ გავარკვიეთ, რომ ეს მანქანა ეკუთვნის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს ირაკლი პეტრიაშვილს, რომელიც გლდანის პირველ განყოფილებაში მუშაობს. ამას წინ უძღვოდა ჩემი მეგობრების და შსს-დან ჩვენი კეთილისმსურველების გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ მიდიოდა მუდმივი თვალთვალი ჩვენზე. მინდა ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ხელისუფლებას ვუთხრა, რომ მე და ჩემს ოჯახს ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული რა ბრძოლაში ვართ ჩართული, ვის ვებრძვით. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ თვალთვალით, შანტაჟით, ფსიქოლოგიური ზეწოლით ეს ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს. მინდა შსს-ს მოვუწოდო, თუმცა თავად სუს-თან ერთად ახორციელებს თვალთვალს, შეწყვიტონ თვალთვალი. პროკურატურას მოვუწოდებ, გამოიძიონ პოლიტიკოსზე და მისი ოჯახის წევრებზე თვალთვალის ფაქტი. ჩვენ არ გვეშინია და სულ მალე ქართულ საზოგადოებასთან ერთად 31 ოქტომბერს დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ ახალი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, ფაქტობრივად, ახალი დემოკრატიის შექმნას დავიწყებთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.