„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდის პოლიციის უფროსს, ირაკლი ფაცაციას შეხვდნენ

16:52, 04.12.2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი და  „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წევრები ზუგდიდის პოლიციის უფროსს, ირაკლი ფაცაციას შეხვდნენ.

პარტიის ლიდერებმა, ხატია დეკანოიძემ და სალომე სამადაშვილმა პოლიციის უფროსს ჰკითხეს, რატომ არ განხორციელდა დროული რეაგირება გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე.

ირაკლი ფაცაციამ ოპოზიციის კითხვებს უპასუხა.

„შემოვიდა შეტყობინება და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ზომები. სანამ, ასე ვთქვათ, დარბევა მოხდებოდა, იქამდე, პერიმეტრზე იდგა პოლიციის ორი ეკიპაჟი. როგორც კი გახდა პოლიციის ჩართულობა საჭირო, პოლიციამ მაშინვე მოახდინა რეაგირება და გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. ამ საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე აღძრულია 187-ე მუხლით. როგორც კი გამოძიება დასრულდება, შსს-ს პრესსამსახური გაგცემთ ამომწურავ პასუხს“ , – განაცხადა ფაცაციამ.

ხატია დეკანოიძის თქმით, ზუგდიდის პოლიციის უფროსის პასუხი ძალიან ფორმალური იყო.

„მოვისმინეთ ძალიან ფორმალური პასუხი. შეტყობინების შესვლის შემდეგ პოლიცია ვალდებული იყო, პერიმეტრი დაეცვა. ამავე დროს მინდა, გითხრათ, რომ არც ერთი ადამიანი დაკავებული არ არის მაშინ, როცა ჩვენს აქტივისტებს იჭერენ ყოველდღიურად და 10, 12 ადამიანი დღეს ზის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ჩვენი ინფორმაციით, დადასტურებულად, იყო პირდაპირი მითითება შს მინისტრის, გომელაურის, რომ პოლიციას არ მოეხდინა ამაზე რეაგირება. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ფაცაციას პასუხი არის ასეთი ფორმალური, როცა პოლიცია ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ მსგავს პოლიტიკურ დავალებებს და შეკვეთებს“ ,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პოლიციის მხრიდან სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე მედიასთან განცხადება გააკეთა სალომე სამადაშვილმაც.

„ვფიქრობ, რომ როგორც ზუგდიდში, ასევე სხვა ქალაქებში, პოლიციისგან უნდა მოვითხოვოთ  პოლიციის გაძლიერებული პატრულირება. წერილობით მიმართავენ. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა ოპიზიციაზე. ჩვენ სახელმწიფოსგან მოვითხოვთ მოქალაქეების დაცვას, იმ უფლებების დაცვას, რომლებიც მინიჭებული აქვთ მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიცია, რომელიც იყო საამაყო, დღეს გახდა პოლიტიკური ინსტრუმენტი“ ,- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი