„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, აქცია დღეს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე იმართება.
აქციის მონაწილეებს რამდენიმე გამომსვლელმა მიმართა. მათი მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას უკავშირდება.
„დაკავებამდე გმირობის ჩადენა იოლია, დაკავებული როცა ხარ და გმირობას სჩადიხარ, მაშინ ორჯერ გმირი ხარ. მიშა გმირია. საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაუმარჯოს. მე მათემატიკოსი გახლავართ და შემიძლია, გითხრათ, როგორ შეიძლება, ამოვხსნათ ალგებრული განტოლება. განტოლების ამოხსნას უნდა ცოდნა, სახელმწიფოს მშენებლობას უნდა რწმენა. რწმენა იმისა, რომ ჩვენ უკეთესი ხელისუფალი გვერგება“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ აქციაზე გამოსვლისას.
აქციაზე გამომსვლელებს ასევე მიმართა ნიკა მაჭუტაძემ და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის სიმბოლო და სახე საქართველოსა და ქართველი ხალხის პატიმრობის.
„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს საქართველოს გათავისუფლებას და ის ქაჯეთის ციხე, გლდანში რომაა, უნდა დაინგრეს; საქართველოს უწყვეტი, განგრძობადი ისტორიის კუთვნილება, რომელსაც თავისი სვლა ჯერ არ დაუმთავრებია და რომელიც მთავარ გამარჯვებას აწი გვპირდება, უახლოეს მომავალში. ის კაცი, რომელიც ამ ისტორიის განუყოფელი ნაწილია, უნდა დავიხსნათ ამ უზნეო, უკანონო, სამარცხვინო პოლიტიკური ტყვეობისაგან და მძევლობისგან. როგორც მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მძევალი, ისე ვართ ჩვენც, ამ ქვეყნის მოქალაქეებიც მძევლები ვართ და ქაჯეთის ციხე, ანუ გლდანის ციხე არის სიმბოლო ამ ნეობოლშევიკური რეჟიმის.
მე მახსენდება შოთა რუსთაველის სიტყვები – „ესეაო მამაცისა მეტისმეტი სიგულოვნე, ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე“, დაიყოვნეო. რა ეტყობა ივანიშვილს, ტიკარაძეს, კობახიძეს, რომ რუსთაველის ქვეყანასთან რამე საერთო აქვთ. ესენი არიან ყველაზე უფრო ვერაგი, ბნელი ისტორიიდან ამოსული რაღაც არსებები, რომლებსაც საქართველოს იდეასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრი, არაფერს არ აკეთებს იკისთვის, რომ დაიცვას საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა. პირიქით, ზიანს აყენებს და მისი დუმილით, ეს ივანიშვილის თოჯინა, არის ერთ-ერთი უმთავრესი მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეთაგანი. ქალბატონო მინისტრო, გონს მოდით. ერთი განცხადება მაინც გააკეთეთ, თორემ ეს ხალხი, ჩვენ მოგაკითხავთ, სულ ყველა ერთად და გამოგდევნით მაგ კაბინეტიდან. დაანებეთ თავი ქალბატონო მონისტრო ივანიშვილის თოჯინობას და თქვენ თავს უთხარით, რომ ერთი საათით მაინც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გახდით და იმ ერთ საათში მაინც გააკეთეთ განცხადება. ვინ შეგარჩენთ თქვენ, თქვე უდღეურებო საქართველოს ისტორიის ფრქვევას, ვის შერჩენია, თქვენ რომ შეგრჩეთ. ჩვენ ვნახეთ ის კადრები, რომელიც ვითომ გადაყვანის კადრები იყო პრეზიდენტის გლდანის ციხეში და ასეთი ბრაზი, ასეთი გამწარება ჩემს ცხოვრებაში განმიცდია მე, პირადად, რადგან ვხედავთ, რომ 21-ე საუკუნეში რამდენიმე ლაჩარი, მონა მიათრევდა საქართველოს ისტორიას. აი, ასე ექცევიან საქართველოს და ამას მოვითმენთ? გამორიცხულია, არა, არა, არა… ღმერთი ფარავდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. არ დავიღლებით არასოდეს, გავიმარჯვებთ, გავათავისუფლებთ, რეჟიმს ჩამოვშლით აუცილებლად“ – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.