„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ოპოზიციონერებს პარლამენტთან შეძახილებით დახვდნენ - „მონებო, ყველას გიმახსოვრებთ“
ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მივიდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ოპოზიციონერებს პარლამენტის შენობასთან შეძახილებით დახვდნენ.
„რატომ მიგვატოვეთ“, „მონებო“, „ყველას გიმახსოვრებთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ამასთან, ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა „გირჩის“ წევრს, ვახო მეგრელიშვილს „არაკაცი“ უწოდეს.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციაზე მისული არიან 20 ივნისის აქციის მონაწილეები. ისინი 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების შესახებ ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათთვის მიუღებელია, ამნისტიის კანონპროექტი დაკავებულ სამართალდამცველებსაც შეეხოს.
„ლელოს“ წარმომადგენელმა, ბადრი ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს აუხსნა, რომ უკვე გათავისუფლდება გიორგი რურუა და მოხდება ამნისტია. მისი თქმით, ოდნავი რისკიც კი არ არის, რომ დამნაშავეები გათავისუფლდნენ ამნისტიით.