„ნაციონალური მოძრაობა“ სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის სხვადასხვა შეღავათის დაწესებას, მათ შორის, კომუნალური გადასახადებისგან სამი თვით გათავისუფლებას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის სხვადასხვა შეღავათის დაწესებას, მათ შორის, კომუნალური გადასახადებისგან სამი თვით გათავისუფლებას ითხოვს

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პანდემიასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარმოადგინა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ვითარება საგანგაშოა და აუცილებელია, ეპიდემიოლოგებმა დეტალური პროგნოზი და სამოქმედო გეგმა წარმოადგინონ, ასევე ვაქცინაციის წასახალისებლად ვაქცინირებული პირებისთვის მთელი რიგი შეღავათები დაწესდეს.

პარტიის რვაპუნქტიანი გეგმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ წარმოადგინა. გეგმა შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს:

1. ეპიდემიოლოგებმა სასწრაფოდ წარმოადგინონ პროგნოზი;

2. სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით დაკომპლექტდეს ვაქცინაციისა და ჰოსპიტალური ბრიგადები (მათ მიეცეთ პრივილეგია რეზიდენტურის გამოცდებზე და ეს დღეები ჩაეთავლოთ რეზიდენტურაში სწავლისას);

3. სრულად ვაქცინირებულ ოჯახებს სამი თვით გაუუქმდეთ ​კომუნალური გადასახადები;

4. სრულად ვაქცინირებულებისთვის წლის ბოლომდე ​განახევრდეს ტრანსპორტის ფასი;

5. სრულად აცრილ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიეცეთ დამატებით ერთი თვის დახმარება;

6. სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს მიეცეთ ნახევარი თვის პენსია;

7. სრულად აცრილ თვითდასაქმებულებს გაუნახევრდეთ წლიური საშემოსავლო გადასახადი;

8. მოხდეს დამატებითი ვაქცინის შემოტანა ბუსტერდოზისთვის.