„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერს
„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერს

„ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში არის ერთი პუნქტი, რომელსაც მისი პარტია არ ეთანხმება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, მაგრამ უდიდესი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, კრისტიან დანიელსონს, აშშ-ის ელჩს და განსაკუთრებით მადლობა კარჰ ჰარლელს. არის ამ შეთანხმებაში ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელმოწერას ვერ დავსვამთ ამ დოკუმენტზე, თუმცა სხვა საკითხებთან მიმართებაში ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით და ვიბრძოლებთ, რომ ეს მავნებლობა, რომელსაც ახლა აქვს ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან და უკვე დაარღვიეს არაერთი შეთანხმება, შევბოჭოთ და არ მივცეთ გასაქანი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო საქმიანობაში ხვალიდან ჩაერთვება.