„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, პარლამენტის 15 ოქტომბრის ბიუროს დადგენილების პროექტი წარედგინება. პროექტის ინიციატორი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაა“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტი“. დადგენილების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის გამოსაკვლევი საკითხია – 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტი. კერძოდ, ვინ გასცა ბრძანება და რის საფუძველზე, ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს და არსებობდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის შედეგადაც განხორციელდა პირის ლიკვიდაცია.

„6 მაისს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გააკეთა, რომ საქმეზე კვლავ ინტენსიურად ტარდება ყველა საჭირო და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უახლოესი ორი თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება, თუმცა ხსენებული განცხადებიდან ხუთ თვეზე მეტი გავიდა და დღემდე არ არის გამოძიებული აღნიშნული საქმე.

2017 წლიდან დღემდე, დაზარალებულებს აქვთ სერიოზული კითხვები და უნდობლობა გამოძიებასთან, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით.